მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული Forbes-ი გაიყიდა - ახალი მფლობელი ოსტინ რასელია

645f79bb4ba3e
გიორგი არონია
13.05.23 15:44
1043

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა, ამერიკული Forbes-ი გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი Luminar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ამერიკელი ოსტინ რასელი გახდა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. გარიგების შედეგად, რომლითაც ოსტინ რასელმა გამოცემის 82%-იანი წილი შეისყიდა, ამერიკული Forbes-ის ღირებულება $800 მილიონად შეფასდა. დეტალების თანახმად, ახალმა მფლობელმა შეისყიდა არამხოლოდ Integrated Whale Media-ს საკუთრებაში არსებული წილის ნაწილი, არამედ ფორბსის ოჯახის მინორიტარული წილიც. ამასთან, როგორც ირკვევა, გარიგება სრულად ოსტინ რასელის კერძო კაპიტალითაა დაფინანსებული და Luminar-ში მის წილთან არ არის დაკავშირებული.

“100 წელიწადზე მეტია, რაც Forbes-ი გლობალური მასშტაბის ავტორიტეტად ითვლება წარმატების ისტორიებისა და ბიზნესის სიახლეების კუთხით და ჩემთვის დიდი პატივია, რომ კომპანიის მფლობელებმა ბრენდის ახალ დამცველად სწორედ მე ამირჩიეს”, - განაცხადა ოსტინ რასელმა. “დღეს, წარმატება კაპიტალის ნებისმიერი გზით გაზრდას კი აღარ უნდა აღნიშნავდეს, არამედ იმ სარგებელს და დადებით გავლენას, რომელსაც ის შეიძლება ქმნიდეს. იმედს ვიტოვებ, რომ Forbes-ი კვლავაც და კიდევ უფრო კარგად შეძლებს ემსახუროს მის მკითხველს, იქნება ეს ინფორმაციის ობიექტურად მიწოდების, თუ ლიდერების ამოცნობისა და მათთვის საზოგადოების ყველაზე რთული პრობლემების მოგვარების წახალისებით - ყველაფერი ეს, Forbes-ის მისიის ქვეშ, რომელიც მაღალი დონის მასალების მომზადებას და ბიზნესზე ორიენტირებული კომუნისთვის საჭირო პლატფორმების შექმნას გულისხმობს”.

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, ოსტინ რასელი ამერიკულ გამოცემასთან ამ დრომდეც იყო დაკავშირებული, რადგან რამდენიმე წლის წინ, ის Forbes-ის 30-წლამდელთა კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. გასულ წელს კი, გამოცემამ ის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ქველმოქმედი ამერიკელების სიაში შეიყვანა.

აღნიშნული გარიგების დასრულების შემდეგ, ოსტინ რასელი ბრენდის ხედვას განსაზღვრავს, მაგრამ გამოცემის ყოველდღიურ საქმიანობაში არ ჩაერევა. ამასთან, გამოცემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო უხელმძღვანელებს, რომელშიც ამერიკული მედიასაშუალებების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ექსპერტები შევლენ. ამ საბჭოში ერთი წევრით კვლავაც იქნება წარმოდგენილი Integrated Whale Media Investments-ი - კომპანია, რომელიც ამერიკული Forbes-ის მინორიტარულ წილს ფლობს. როგორც პრესრელიზიდან ვიგებთ, Forbes-ის პლატფორმა მოგებაზე მუშაობს და იზრდება არამხოლოდ მედიის, არამედ უძრავი ქონებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებითაც.

“მაშინ, როცა 2014 წელს, Integrated Whale Media-მ Forbes-ი შეისყიდა, ჩვენი ხედვა მედიასამყაროში ლეგენდარული ბრენდის ძლიერ მოთამაშედ შენარჩუნებას, Forbes-ის გაციფრულების დაჩქარებას და ბრენდის სიძლიერის დახმარებით შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებას მოიაზრებდა”, - ვკითხულობთ Integrated Capital-ის მმართველი დირექტორის, ჯეფრი იემის განცხადებაში. “ახლა კი, მოხარულნი ვართ, რომ ჩირაღდანს ისეთ ადამიანს გადავცემთ, ვისაც სჯერა, რომ კაპიტალიზმის ახალ ერაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდის დახმარებით, Forbes-ის მემკვიდრეობის გაზრდა კიდევ უფრო სწრაფად შეუძლია. გვჯერა, რომ განახლებული ხედვა ზრდის დიდ პერსპექტივას მოიაზრებს და შესაბამისად, კომპანიაში მინორიტარულ წილს ვიტოვებთ. Forbes-ის ისტორიაში ამ ახალ თავს დიდი სიამაყით ვუყურებთ”.

კომპანიის გასხვისებას გამოეხმაურა Forbes-ის დამფუძნებლის, ბერტი ჩარლზ ფორბსის შვილიშვილი და გამოცემის მთავარი რედაქტორი, სტივ ფორბსი: “ოსტინ რასელს მივესალმებით. ის დინამიკური ანტრეპრენიორი და ლიდერია, რომელმაც ინდუსტრიის წამყვანი ბიზნესი ნულიდან შექმნა. მისი ენერგია და ხედვა Forbes-ს იმ შესანიშნავი საქმის გაგრძელებისა და განვითარების საშუალებას მისცემს, რომელმაც ჩვენ სახელი გაგვითქვა".

გარიგების თანახმად, ფორბსის ოჯახის საკუთრებაში არსებულ წილს ოსტინ რასელი შეიძენს - მიუხედავად ამისა, სტივ ფორბსი კომპანიაში მაინც იქნება ჩართული. გარიგების დახურვას მხარეები მიმდინარე წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები