მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანიები კვარტალურ შედეგებს აღარ გამოაქვეყნებენ?

უოლ-სტრიტი

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) ამზადებს წინადადებას, რომელიც საჯარო კომპანიებისთვის კვარტალური ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო მოთხოვნის გაუქმებას ითვალისწინებს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა კომპანიებს საშუალებას მისცემს, ოთხის ნაცვლად, შედეგები წელიწადში მხოლოდ ორჯერ წარადგინონ.

კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ბიზნესზე რეგულაციური ტვირთის შემსუბუქებას და მენეჯერების ფოკუსის გადატანას გრძელვადიან სტრატეგიულ განვითარებაზე, ნაცვლად მოკლევადიანი კვარტალური მაჩვენებლების დევნისა და "რიცხვების წვალებისა".

კვარტალური ანგარიშგების სისტემა აშშ-ში უკვე 50 წელიწადზე მეტია მოქმედებს. SEC-ის მოქმედი თავმჯდომარე, პოლ ატკინსი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, ამ პროცესის მოდერნიზაციის დაჩქარებას გეგმავს. მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ამერიკულ საფონდო ბირჟებს უფრო მიმზიდველს გახდის იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამჟამად კერძო სტატუსს ამჯობინებენ მაღალი საოპერაციო ხარჯების და კვარტალური ზეწოლის გამო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია წარმატებით მუშაობს ევროკავშირში, აზიის ზოგიერთ ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში.

მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური ანგარიშგება სავალდებულო აღარ იქნება, კომპანიებს კვლავ დარჩებათ მისი ნებაყოფლობით გამოქვეყნების უფლება და დიდი კომპანიების, სავარაუდოდ, სწორედ ასე მოიქცევიან, თუმცა სტარტაპები და მცირე ზომის მოთამაშეები, დიდი ალბათობით, ახალ მოდელს აირჩევენ.

მარეგულირებელი კომისია ოფიციალური წინადადების გამოქვეყნებას და საჯარო განხილვების დაწყებას მომავალი თვიდან გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები