2023 წლის ბეისბოლის საუკეთესო მოთამაშე შოჰეი ოტანიმ “ლოს-ანჯელეს დოჯერსთან” 10-წლიანი 700 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული ხელშეკრულებაა.
ოტანის შეთანხმებამ მანამდე არსებულ მოლოდინებს $100 მილიონით, ხოლო ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ პატრიკ მაჰოუმსის 500 მილიონიან ხელშეკრულებას, დაახლოებით, $200 მილიონით გადააჭარბა.
ბეისბოლში არსებულ კონტრაქტებს შორის ოტანის შემდეგ ყველაზე ძვირად მისი ყოფილი თანაგუნდელის მაიკ ტრაუტის კონტრაქტი ფასდება, რომელსაც $426,5 მილიონიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. რაც შეეხება წლიურ ანაზღაურებას, შოჰეი ოტანი ამიერიდან საშუალოდ $70 მილიონს მიიღებს, ხოლო მის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბეისბოლის მოთამაშე მაქს შერცერის წლიური ანაზღაურება $43,3 მილიონი დოლარით განისაზღვრება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ოტანის კონტრაქტი $300 მილიონით ჩამორჩება, ლიგის ყველაზე იაფი ფრენჩაიზის მაიამი “მარლინის” ღირებულებას, რომელიც 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.