მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამიერიდან, Spotify-ს, Canva-სა და Booking.com-ისთვის დავალებების მიცემა ChatGPT-შივე შეგეძლებათ

OpenAI

OpenAI-მ საკუთარ ჩეთბოტ ChatGPT-ში გარე აპლიკაციების გამოყენების ფუნქცია ჩააშენა. საუბარია მომხმარებლებისთვის კარგად ცნობილ ისეთ აპლიკაციებზე, როგორებიც Spotify, Canva, Booking .com-ი და Figma-ა.

ამიერიდან, მათი გამოყენებისთვის თქვენ ChatGPT-დან გამოსვლა აღარ მოგიწევთ. ჩეთბოტთან მიმოწერის დაწყებისას აკრეფთ “@“ სიმბოლოს და სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ იმ აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლებსაც დავალებებს პროგრამიდან გასვლის გარეშე მისცემთ.

მაგალითისთვის, თუ აკრეფთ @Spotify და მიუთითებთ, რომელიმე კონკრეტულ სიმღერას, რომლის მოსმენაც გსურთ, ჩეთბოტი აპლიკაციასთან დაკავშირების შემდეგ თქვენთვის სასურველ კომპოზიციას აღმოაჩენს და მოგცემთ შესაძლებლობას, ის ე.წ. ფლეილისთში დაამატოთ. ჯერჯერობით, ChatGPT-შივე მოსმენის ფუნქცია დამატებული არ არის. ამასთან, თუ სერვისის გამოყენება გსურთ, თქვენი ჩეთბოტი Spotify-ს ანგარიშთან უნდა დააკავშიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალებების დიდი ნაწილის შესრულება შეუძლებელი იქნება.

იდენტურია ვითარება Figma-სა და Canva-ს შემთხვევაშიც - გაივლით ავტორიზაციის პროცესს, და “@“-ის გამოყენებით კონკრეტული აპლიკაციის მითითების შემდეგ ნებისმიერი დიზაინის შექმნის დავალებას უპრობლემოდ გასცემთ. რაც შეეხება Booking.com-ს და მის მსგავს Zillow-სა და Expedia-ს, ამ შემთხვევაში შეგეძლებათ არამარტო სასურველი ადგილებისა თუ ტრანსპორტის მოძებნა, არამედ ჯავშნის ChatGPT-შივე განხორციელება.

OpenAI-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი შემდეგი აპლიკაციებია: Spotify, Figma, Coursera, Zillow, Canva, Expedia და Booking.com. რაც შეეხება სამომავლოდ ხელმისაწვდომი აპლიკაციების ზრდას, ამის გასამარტივებლად სტარტაპმა Apps SKD შექმნა, ანუ დეველოპერებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც მათ აპლიკაციების ChatGPT-სთან ინტეგრაციაში დაეხმარება. არსებული ინფორმაციით, ამ კუთხით OpenAI-სთან თანამშრომლობისთვის ემზადებიან Uber-ი, Instacart-ი და AllTrails-სი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები