მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამილახვარის მოადგილეს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ჩააბარეს

ალექსანდრე წულაძე

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ბრძანების თანახმად, ალექსანდრე წულაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად 5 წლის ვადით დაინიშნა. წულაძე ამ დრომდე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მოადგილის პოზიციაზე იყო.

ცნობისთვის, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს.

წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

აღსანიშნავია, რომ წულაძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს. ხოლო, 2023 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ. ამ პოზიციაზე მუშაობა მან რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 31 ივლისს დაასრულა.

ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, თამარ მახარაშვილი ხელმძღვანელობდა მიმდინარე წლის იანვრამდე, შემდეგ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულება ლაშა მარგიშვილს დაევალა, რომელიც მანამდე დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები