მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებს მიმართავს

აკრედიტაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქვეყანაში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა. აღნიშნულ განცხადებას საგანმანათლებლო უწყება ავრცელებს, რითაც საქართველოში ბოლო პერიოდში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში სტუდენტების პროტესტის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს ეხმიანება.

უწყების განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ შესაძლოა, მოსწავლეების და სტუდენტების კანონიერი ინტერესები შელახოს.

„ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.

არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 მაისს საქართველოს 38-მა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სწავლის პროცესის შეჩერებას გააპროტესტეს. ამ უნივერსიტეტებს არ შეუერთდა 11 უმაღლესი სასწავლებელი, რომლის ნაწილმა განცხადებები გაავრცელეს, რომ პროფესორ მასწავლებლების დამუნათება იმის გამო, რომ ისინი სტუდენტების პროტესტის მოზიარენი იყვნენ მიუღებელი იყო. რამდენიმე უნივერსიტეტმა კი სტუდენტებს გაცდენილი ლექციების აღდგენის შესაძლებლობა მისცა.

ცნობისთვის: საქართველოს 31 უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი "რუსული კანონის" წინააღმდეგ 13 მაისიდან გაიფიცა და სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. სტუდენტებს რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები