მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ზოგადი განათლების შესახებ კანონში მორიგი ცვლილების შეტანას გეგმავს

აჭარისწყალი სკოლა

მთავრობა ზოგადი განათლების შესახებ კანონში მორიგი ცვლილების შეტანას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ირაკლი კობახიძემ 30 იანვრის განკარგულებით დაამტკიცა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილებები შეეხება უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას და საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციას.

კერძოდ, დაგეგმილია:

  • უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია და სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციად, ვინაიდან, საერთაშორისო პრაქტიკით (ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ხორვატია, რუმინეთი, ისრაელი, ავსტრალია, თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული, შესაბამისად, ეროვნული ცენტრის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.
  • შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება (მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრების შესაძლებლობა).
  • ინერგება ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, ის იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, დაექვემდებარებიან ავტორიზაციის პროცესს. ამასთან, იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას საქართველოში, კანონის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის მოპოვება.
  • ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭოები ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავენ გონივრულ ვადას, ნაცვლად მოქმედი 60 დღიანი ვადისა.
  • გაიზრდება მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობები. კერძოდ, კონკრეტული საგნის მიმართულებით მასწავლებლის სპეციალობით უმაღლესი განათლების მქონე პირებს (მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე) მიეცემათ მასწავლებლის პროფესიაში პირდაპირ ჩართვის შესაძლებლობა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს მხოლოდ შესაბამისი საგნის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მისთვის სავალდებულო იქნება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება. ამასთან, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირებისთვის სავალდებულო იქნება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • დაზუსტდება, რომ მასწავლებლობის მაძიებელს მოეთხოვება იმავე საგნის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რომელსაც ასწავლის;
  • შეიცვლება პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები და ამოღებულ იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორების არჩევის ფუნქცია;
  • გაიწერება სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“, „ასწავლე საქართველოსთვის“ და „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამების ფარგლებში სკოლებში მივლენილი კონსულტანტი მასწავლებლების/კონსულტანტი სპეციალური მასწავლებლების სამართლებრივი სტატუსი;
  • ვინაიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ დაადასტურეს კომპეტენცია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით, უწევთ განათლების სისტემის დატოვება, სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად გადაიხედება მათ მიმართ წაყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და განისაზღვრება მასწავლებლის დამატებითი კატეგორია (მაგ: მოწვეული/შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები