დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, ეძლევათ რეკომენდაციები. კერძოდ, მათ, ვინც საკონდიტრო „დონაში“, ან სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდა, უნდა ჩაიტაროს ტესტირება და ეს ყველაფერი არის უფასო.
„ის ადამიანები, რომლებმაც იმოგზაურეს აჭარაში და ჩამოვიდნენ თბილისში ან სხვა ქალაქში, და თუ მათ აქვთ ვიზიტის ისტორია 20 აგვისტოს შემდეგ საკონდიტრო კაფე „დონაში“, ნებისმიერი ადგილზე საქართველოს მასშტაბით, სადაც ტესტირებები წარმოებს, უნდა მიბრძანდნენ და ჩაიტარონ ტესტი სახელმწიფოს ხარჯზე. ასევე ადამიანები, რომლებიც 30-31 აგვისტოს იმყოფებოდნენ ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, მიბრძანდნენ ნებისმიერ ადგილას და ჩაიტარონ ტესტირება. დანარჩენ ადამიანებს ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, ეძლევათ რეკომენდაცია, აწარმოონ თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგი დაახლოებით 7-დან 14 დღემდე. თუ ამ ხნის განმავლობაში, მათ უვლინდება ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, დიარეა, მაშინ შეუძლიათ მიბრძანდნენ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ტესტირება წარმოებს, აიღონ ნიმუში და ჩაიტარონ PCR გამოკვლევა. ამას აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმე იყო უბრალოდ აჭარაში და არ აქვს სიმპტომები, და ასევე მისი სურვილია ჩაიტაროს გამოკვლევა, შეუძლია ჩაიტაროს, თუმცა, ამ შემთხვევაში მას თავად მოუწევს გამოკვლევის ღირებულების ანაზღაურება.