მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა, იმერეთი, კახეთი - როგორია „აჭარა ჯგუფის“ რეგიონული განვითარების გეგმა?

64a3c2cece1c7
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.23 09:00
1000
„აჭარა ჯგუფი“ დედაქალაქის გარდა რეგიონებში ბიზნეს საქმიანობის განვითარებას განაგრძობს. ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისა და პროექტების განვითარების გეგმებზე გადაცემა Forbes კვირაში“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო კვერნაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, „აჭარა ჯგუფი“ მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული და შემდეგი ორი წლის განმავლობაში გაწერილ გეგმებში რეგიონულ განვითარებას დიდი ადგილი უკავია.

აჭარაში სტუმარმასპინძლობის მიმართულება - შუქურას პროექტის განვითარება, კახეთში სოფლის მეურნეობისა და ასევე სტუმარმასპინძლობის განვითარების პროექტი, რომელსაც ჰოლდინგის მართვაში არსებული კომპანია „უდაბნო“ ახორციელებს, ქუთაისში კი მულტიფუნქციურთან ერთად სტუმარმასპინძლობის მიმართულების განვითარება - ეს ის პროექტებია, რომელზეც ნინო კვერნაძემ ისაუბრა.

„შუქურა, ციხისძირში არსებული პროექტი პირველია აჭარის რეგიონში და მესამე წელია სეზონურად მუშაობს. წელსაც გავხსენით ჩვენი რესტორანი და დავამატეთ აუზი, სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს დამატებას ვგეგმავთ, რასაც ჩვენი სტუმრები სულმოუთქმელად ელოდებიან.

ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კახეთი, სადაც ჰოლდინგში შემავალი კომპანია „უდაბნო“ ოპერირებს. აქ ვავითარებთ სოფლის მეურნეობას და იმავე ტერიტორიაზე კახეთში განსაკუთრებული კონცეფციის სასტუმროს და რესტორნის გახსნას ვგეგმავთ.

ქუთაისი ჩვენი პრიორიტეტია. აქ როგორც სამუშაო სივრცეებს, ასევე სტუმარმასპინძლობის მიმართულებით პროექტებს ვგეგმავთ“, - აცხადებს ნინო კვერნაძე.

ქუთაისსა და რუსთავში მულტიფუნქციური სამუშაო სივრცეების განვითარების პროექტებზე „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია D Block-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანი დაბრუნდაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის გამოცდილებისა და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა მაღალია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

„2020-2021 წლებში ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა იმ სივრცეების მიმართ, სადაც მეტი მოქნილობა და ინტერაქციაა შესაძლებელი. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ასეთი სივრცეების შექმნის მიმართ ჩვენ თვითონაც გაგვიღრმავდა ინტერესი.

ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვლევები ვაწარმოეთ. რეგიონებში საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა დიდია. რუსთავის შემთხვევაში ეს არის ყოფილი სახანძროს შენობა და ქუთაისის შემთხვევაში ყოფილი საგრენაჟო ქარხანა, ორივე შენობა შემოქმედებით და მულტიფინქციურ ცენტრად გარდაიქმნება, რომელიც ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის“, - აღნიშნა ანი დაბრუნდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები