მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის 53% თბილისში იქმნება - რეგიონული სტატისტიკა

ბინები

თბილისის წილი საქართველოს ეკონომიკაში 53%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს მშპ-ის სტატისტიკას ასახავს. თუკი 2022 წელს თბილისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 51.2% იქმნებოდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 52.7%-ს მიაღწია, რაც 1.6 პროცენტული პუნქტის ზრდაა. 2023 წელს თბილისის მიერ გენერირებული მშპ 42.6 მილიარდი ლარი იყო.

თბილისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში მეორე ადგილზეა აჭარა, რომელზეც მშპ-ის 9.5% მოდის, რაც თანხობრივად 2023 წელს 7.7 მილიარდი ლარი იყო, ამასთან აჭარის წილი საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

აჭარისგან განსხვავებით, შემცირებაა იმერეთის ეკონომიკაში, 2023 წელს იმერეთზე საქართველოს მშპ-ის 7.8% მოდიოდა, მაშინ როდესაც 2022 წელს იმერეთი საქართველოს ეკონომიკის 8.8%-ს ქმნიდა. ეს შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია იმერეთის ქალაქების მოსახლეობის კლების გრძელვადიან ტენდენციასთან, ასევე იმ ფაქტთან, რომ გასულ წელს იმერეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფეროშენადნობების მოპოვება კრიზისში იყო და წარმოების და ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებული იყო.

საქართველოს ეკონომიკის 7.5%-ს ქმნის ქვემო ქართლის რეგიონი, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

საქართველოს რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წელს, რეგიონული მაჩვენებლები წარმოდგენილია გადასახადების და სუბსიდიების ჩათვლით:

  1. თბილისი - 42.6 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 52.7%, ზრდა 1.6 პპ;
  2. აჭარა ა.რ. - 7.68 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 9.5%, ზრდა 0.1 პპ;
  3. იმერეთი - 6.34 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 7.8%, კლება 1.0 პპ;
  4. ქვემო ქართლი - 6 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 7.5%, კლება 0.9 პპ;
  5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.4 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 5.4%, ზრდა 0.2 პპ;
  6. კახეთი - 4 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 5%, კახეთის წილი უცვლელია;
  7. შიდა ქართლი - 3.27 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 4.1%, ზრდა 0.1 პპ;
  8. სამცხე-ჯავახეთი - 2.33 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 2.9%, რეგიონის წილი უცვლელია;
  9. მცხეთა-მთიანეთი - 2.20 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 2.7%, ზრდა 0.1 პპ;
  10. გურია - 1.39 მილიარდი ლარი, წილი ეკონომიკაში 1.7%, რეგიონის წილი უცვლელია;
  11. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 479 მილიონი ლარი, წილი ეკონომიკაში 0.6%, რეგიონის წილი უცვლელია.

რეგიონულ მშპ-ში თბილისის წილის ზრდა სავარაუდოდ მეტყველებს ქვეყნის ეკონომიკაში ურბანიზაციის როლის ზრდაზე და სხვა რეგიონებიდან სამუშაო ძალის თბილისში უფრო მსხვილ კონცენტრაციაზე, ვიდრე ეს წარსულში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები