მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამის დამალვა დანაშაულია" - ეკონომისტი განმარტავს, რატომ არ უნდა იყოს "იგლ ჰილსთან" ხელშეკრულება გასაიდუმლოებული

აკაკი ცომაია

ეკონომისტი აკაკი ცომაია ეხმაურება პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტებას "იგლ ჰილსის" პროექტის ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების შესახებ. ცომაია აცხადებს, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, რომელიც ვერასოდეს გახდება კომერციული მოთამაშე. როგორც ეკონომისტი ამბობს, მოქალაქეთა უფლებაა იცოდეს, რას გასცემს და რას იღებს და ხელშეკრულების დეტალების დამალვა დანაშაულია.

"გუშინ, ივანიშვილის პრემიერს კობახიძეს იგლ-ჰილზის ინვესტიციაზე უთქვამს შემდეგი:

"რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას".

ჩემი პასუხი:

- ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო - ის ვერასოდეს გახდება კომერციული მოთამაშე. მიწები, ნებართვები, საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები, სესხები, დანახარჯები, პროექტის სარგებელი მოქალაქეების საკუთრებაა და მისი გასაიდუმლოება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას (ჯერ კიდევ), ისე დემოკრატიული სახელმწიფოების საერთაშორისო პრაქტიკას. მოქალაქეთა უფლებაა იცოდეს რას გასცემს და რას იღებს სანაცვლოდ. ამის დამალვა დანაშაულია!

- ხელშეკრულება შეიძლება მოიცავდეს: სახელმწიფოს ფისკალურ ვალდებულებებს, მომავალ თაობებზე დაკისრებულ ვალდებულებებს, კომპანიისთვის მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებებს, არბიტრაჟისა და დავის პირობებს. აღნიშნულის გასაიდუმლოება უბრალოდ დანაშაულია!

- წმინდა ფინანსური სარგებლის გარდა, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ პროექტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი. ეს კიდევ ცალკე კვლევის საკითხია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მოდელებს, სცენარებს, რისკებს და ა.შ. ამის არ ცოდნა სირცხვილია 21-ე საუკუნეში, ხოლო გასაიდუმლოება - დანაშაული!

- იგლ ჰილს აქვს რეპუტაციული პრობლემები საერთაშორისო ბაზარზე ყველგან, სადაც შევიდა. არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, შეკითხვები და პასუხების არ მიღება ასევე დანაშაულია!

- ლოგიკური შეუსაბამობა: „არაფერი გვაქვს დასამალი“, მაგრამ „ხელშეკრულება მაინც საიდუმლოა“. თუ არაფერს მალავ, მაშინ ზოგიერთი ტექნიკური დეტალის გარდა (რაც შესაძლოა იყოს კომერციული საიდუმლოება და ამაზე ქვემოთ), ხელშეკრულება უნდა გახდეს საჯარო!

რა შეიძლება იყოს მართლაც კომერციული საიდუმლოება?

- სპეციფიკური ტექნოლოგიები, რომელსაც ინვესტორი იყენებს: ესაა ალგორითმები, საოპერაციო წარმოების მეთოდები, საწარმოო პროცესის გამოთვლები და ფორმულები

- ინვესტორის ფინანსური უკუგების ის დეტალები, როგორიცაა CAPEX/OPEX, მოგების პროგნოზები, რისკების შეფასების მოდელები, რაც არ მოიცავს სახელმწიფოს მიერ მიცემულ შეღავათებს, საგადასახადო პირობებს, გარანტიებს ან საჯარო რესურსების ფასს

- მომავალი ბიზნეს-გეგმები: რომელ ბაზრებზე აპირებს გასვლას. რა ეტაპზე გადაწყვეტს გარკვეული ტექნოლოგიების დანერგვას. რას გეგმავს კონკურენტების მიმართ.

- შიდა პარტნიორები: ქვეკონტრაქტორები, მომწოდებლები

- კომპანიის მიერ დადგენილი ფასები. სამომავლო კომპონენტების შესყიდვის ფასები. მომწოდებლებთან უნიკალური შეთანხმებები და სხვ.

ის, რაც კომერციული საიდუმლოებაა, ნამდვილად არაა საზოგადოებრივი ინტერესი. კომპანიამ უნდა მიიღოს მოგება და ღმერთმა შეარგოს. კომპანიის საქმეა, რამდენ მოგებას მიიღებს და რა გზით. ეს დეტალები შეიძლება იყოს ან არ იყოს ხელშეკრულებაში და თუ ასახულია, დაიკავებს ხელშეკრულების მხოლოდ მცირე ნაწილს.

ხოლო, საჯარო ინტერესის გასაიდუმლოება, როგორც აღვნიშნე, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და დ ა ნ ა შ ა უ ლ ი ა, რომ არაფერი ვთქვათ დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკაზე.

სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებითო და მთავრობის გვერდზე დასმული ნებისმიერი კრიტიკული შეკითხვა ან მოსაზრება ელვის სისწრაფით იშლება ამ დროს!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულ შეკითხვებზე არ გვაქვს პასუხი. ბოლო-ბოლო, რაიმე კვალიფიციური აუდიტორული კომპანიის დასაბუთებული დასკვნა მაინც გამოაქვეყნეთ რომ კარგი პროექტია!", - აცხადებს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს: „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ს“, „JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს იგლ ჰილს საქართველოსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ მოიწონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები