მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე განმარტავს, რატომ მიენიჭა "იგლ ჰილსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი

მარიამ ქვრივიშვილი

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მიენიჭა "იგლ ჰილსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. მისი თქმით, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები.

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, "ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით".

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს: „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ს“, „JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს იგლ ჰილს საქართველოსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ მოიწონა.

კერძოდ, მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის შესაბამისად, „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები