ქართული გასტრონომიის განვითარებისა და საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა ამ მიმართულებით წლების განმავლობაში სისტემური მხარდაჭერა არ არსებობდა - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესს ასოციაციის თანადამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ ისაუბრა.
დარგის წარმომადგენლების თქმით, ახალი სსიპის შექმნა შესაძლებლობას გააჩენს, რომ ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია უფრო ეფექტიანად და კოორდინირებულად განხორციელდეს.
„ამის საჭიროება უკვე დიდი ხანია დგას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან გასტრონომიის განვითარების მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკა არ არსებობდა. ჩვენ, ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, დიდი ძალისხმევის გაწევა გვიხდებოდა დაფინანსების მოსაპოვებლად.
რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ და რამდენიმე ასოციაციას კონსულტაციები გვქონდა, ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინეს და შეიქმნა ეს სსიპი, რომლის წარმატების დიდი იმედი გვაქვს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობა ეფექტიანი უნდა იყოს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და ჩვენთან კოორდინაციით პროცესები გაცილებით შედეგიანი იქნება.
შარშან ანდორაში შესანიშნავ ღონისძიებაზე ვიყავით, თუმცა ვერ მოვიძიეთ დაფინანსების წყარო. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ მინიმალური მხარდაჭერის გაწევა შეძლო. ამიტომ მსგავსი სსიპის შექმნა დადებითი ნაბიჯია, თუ ის რეალურად უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიის განვითარებისა და საერთაშორისო პოპულარიზაციის მხარდაჭერას.“- განაცხადა კვაჭიძემ.
ცნობისთვის, 20 ივლისიდან საქართველოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტო იქმნება. მთავრობის დადგენილება 18 ივნისს გამოიცა. კერძოდ, ახალ სსიპის გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დაერქმევა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
უწყების ცნობით, ახალი სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.



























