მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამიტომაც აქვს რეზერვები ეროვნულ ბანკს - ლევან სურგულაძე სებ-ის მიერ რეკორდულ სავალუტო ინტერვენციაზე

ლევან სურგულაძე

"დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა თუ არსებობს, უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი, რომ არ მოხდეს ლარზე უსაფუძვლო წნეხი", - აცხადებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე bm.ge-სთან.

დღეს სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თვეში კი, ეროვნულმა ბანკმა რეკორდულად ბევრი, $173.4 მილიონი დოლარი გაყიდა. უფრო მეტი, ვიდრე მთელს გასულ წელს.

სურგულაძის განმარტებით, ახლა ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს.

"ეს ეროვნული ბანკის პირდაპირ მოვალეობაში შედის, მას ამიტომაც აქვს ეს რეზერვები, რომ როცა ბაზარზე არის ზუსტად ეს მდგომარეობა, როცა ფუნდამენტური პარამეტრები არ იძლევა ამის საფუძველს, მაგრამ რაღაც აჟიოტაჟური მოთხოვნა ჩნდება, დოლარი გაყიდოს. მათ შორის, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული რამე დიდ ტრანზაქციასთან, ან ხალხის, მოსახლეობის რაღაც მღელვარებასთან, ან აჟიოტაჟთან, მათ შორის არჩევნებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

არჩევნების წელს და მით უმეტეს თვეს იზრდება ღელვა და ადამიანთა ნაწილმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თავისი დანაზოგი შეინახონ მყარ ვალუტაში. ახლა, ეს [ინტერვენცია] არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური პარამეტრებით. გამოწვეულია, როგორც ხშირად ხდება, მათ შორის სხვა ქვეყნის ეკონომიკურ ბაზრებზე აჟიოტაჟით.

ანუ, რადგან გაიყიდა, იყო მოთხოვნა. ბაზარზე 60 მლნ-ის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა თუ არსებობს, უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი, რომ არ მოხდეს ლარზე უსაფუძვლო წნეხი", - განაცხადა სურგულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა, ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც 173.4 მილიონი დოლარია. ეროვნული ბანკი დღევანდელი ინტერვენციის შესახებ განმარტებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდისთვის სავალუტო ბაზარზე დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციისთვის არის მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები