„ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ აღიარებით დოკუმენტს, რომ სახელმწიფო მიწების დიდი რაოდენობა არასწორად გავიდა საკუთრებიდან“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარმა იურისტმა თეო ზაქარაშვილმა გააკეთა.
მისი შეფასებით, ამნისტიის გამოცხადება ხელისუფლებას ცუდი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გამო მოუწია, რომელიც წლებია არსებობს. ორგანიზაცია ხელისუფლებას რეფორმის მიმდინარეობის გადახედვისკენ მოუწოდებს.
უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებმა გასულ კვირას დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ამნისტია შეეხება პირს, ვინც მითვისებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ღირებულებას გადაიხდის.
„ამნისტია ჰუმანური აქტია და ემსახურება ადამიანებისთვის შეღავათის მიცემას. თუმცა ამ ნაწილში ეს აჩვენებს, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა არ მიდის სწორად. ამ საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათს თუ ნახავთ, იქ წერია, რომ „იმ დიდი რაოდენობით სისხლის სამართლის საქმეების გამო რაც აქვთ წარმოებაში, აუცილებელი ხდება ამნისტიის მიღება.“ ეს უკვე აჩვენებს, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამნისტიით მოვაგვაროთ ეს საკითხები, არამედ აუცილებელია გადაიხედოს რეფორმის მიმდინარეობა.
ჩვენი ორგანიზაცია წლებია აქვეყნებს კრიტიკულ დასკვნებს ამ რეფორმაზე. მთლიანი სისტემა უძრავად დგას, მიწების 70% დაურეგისტრირებელია, იგივე დარჩა რაც იყო და წინ ამ კუთხით ფაქტობრივად არ წავიწიეთ. იყო ამბიციური გეგმა 2016 წელს, რომ 4 წელში სრულად უნდა დასრულებულიყო პროცესი. შედეგი 2023 წელს არ არის არც მოქალაქეებისთვის და არც სახელმწიფოსთვის.
ამ მიწების დიდი ნაწილი არის სახელმწიფოსი, თუ ის არ არის ბრუნვაში, მასზე ვერ ხდება ტრანზაქციები, იჯარა და ა.შ. სახელმწიფომ ამ მიწებით შეუძლია გაზარდოს ის თანხები რომელიც შევა ბიუჯეტში. არაფერს ვამბობ მოქალაქეებზე, რომლებმაც ფაქტობრივად მთელი 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს არასწორი რეფორმის გამო დაკარგეს საკუთრების უფლება, ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარეობს დავები და ამის შესახებ სახელმწიფომ იცოდა. არათუ მოხდა ამის გამოსწორება არამედ პირიქით, წაახალისა ეს პრობლემური რეგისტრაციები და მეტიც, ამისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა თანხები. საინტერესოა, რომ 2016 წლის რეფორმა ჯამში რა დაუჯდა ბიუჯეტს არ არის ცნობილი, მხოლოდ აზომვითი ნახაზები 29 მლნ დაჯდა, არცერთი სხვა მონაცემი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.
რეფორმამ იმდენად ცუდად იმუშავა, რომ დანაშაულზე გვაქვს საქმე. ბევრი პრობლემა იყო, გადაფარვების კუთხით, მიწის აღიარების კომისიების კორუფციული ნაწილში. წევრების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობებია დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან. ამნისტია შეეხება კონკრეტულ პირებს, მაგრამ ეს დროებითია და გვრჩება ხარვეზიანი სარეგისტრაციო სისტემა. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ აღიარებით დოკუმენტს, რომ სახელმწიფო მიწების დიდი რაოდენობა არასწორად გავიდა საკუთრებიდან. ეს მოხდა იმიტომ რომ ცუდი საკანონმდებლო ბაზა გვაქვს,“ - აცხადებენ გამჭვირვალობა საქართველოში.