წუხელ ღამით მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა. პუტინმა “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმა “საერთაშორისო ტერორიზმად” შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის, რომელიც მის დამარცხებას მოისურვებს.
“ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და ბრძანების გამცემი გარდაუვალად დაისჯება. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ან მათი წინამძღოლები. ამოვიცნობთ და სამაგალითოდ დავსჯით ყველას, ვინც ამ ტერორიზმის უკან დგას, ვინც ეს სასტიკი დარტყმა მიიტანა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე”, - განაცხადა პუტინმა.
თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი დაკავებამდე უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას უკრაინული მხარე გაუწევდა - კიევი თავდასხმაში საკუთარ ჩართულობას არ აღიარებს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ISIS-მა აიღო.
პუტინმა 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.