ხომ უნდოდათ გამოძიება?! - ა, ბატონო, მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, ხოლო თუ მტკიცებულება არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მედია დაინტერესდა, თუ რას იტყოდა პაპუაშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე პოლიტიკოსების დაბარებაზე და მათ განცხადებებზე, რომ მტკიცებულებები საჯარო სივრცეშიც არსებობს და ცესკოშიც არის წარდგენილი.
„ოპოზიცია შეეჩვია, რომ რაღაც ზეპირ ბრალდებებს გამოუშვებს, ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს მიაყენებენ, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდებენ და ხარობენ, თუ როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან. კეთილი ინებონ და თუ აქვთ რაიმე საფუძველი ბრალდებებზე, რასაც საკუთარ ქვეყანას უყენებენ, მტკიცებულებები შესაბამისს ორგანოებში წარადგინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.