მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანა ვინტურმა ამერიკული Vogue დატოვა - რა ქონებას ფლობს ჟურნალის ბოლო მთავარი რედაქტორი?

ანა ვინტური

37 წლის შემდეგ, 75 წლის ანა ვინტური ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციას ტოვებს - ვინტურმა თავის გადაწყვეტილებაზე ჟურნალის თანამშრომელთა შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან Vogue-ს მთავარი რედაქტორი აღარ ეყოლება და ნაცვლად ამისა, ახალი, კონტენტის ხელმძღვანელის პოზიცია იქმნება.

მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა გლობალური Vogue-ის დირექტორისა და ჟურნალის გამომცემელი კომპანია Conde Nast-ის კონტენტის ხელმძღვანელის თანამდებობას ინარჩუნებს.

შეხვედრაზე ვინტურმა განმარტა, რომ მისი მიზანია, რედაქტორთა ახალ თაობას სფეროს საკუთარი იდეებით "წალეკვაში" დაეხმაროს.

"როდესაც Vogue-ის რედაქტორი გავხდი, ვცდილობდი, ყველასთვის, ვინც მომისმენდა, დამემტკიცებინა, რომ არსებობდა ამერიკული მოდის ჟურნალის წარმოდგენის ახალი და საინტერესო გზა.

ახლა ყველაზე დიდ სიამოვნებად შემდეგი თაობის რედაქტორების ხელშეწყობა მიმაჩნია, რათა საკუთარი იდეებით შეავსონ სფერო, რასაც მხარს უჭერს ახალი, საინტერესო ხედვა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მსხვილი მედიაკომპანია", - განაცხადა ვინტურმა.

ანა ვინტური ამერიკული Vogue-ის გუნდის წევრი 1988 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში ჟურნალის ბრიტანულ გამოცემაში მუშაობდა. ვინტურმა მალე გაითქვა სახელი, როგორც ექსპერტმა, რომელმაც სრულად გარდაქმნა ჟურნალი და მაღალი მოდა უფრო მარტივად ხელმისაწვდომ სტილს დაუკავშირა. ანას რედაქტორობით Vogue-ის პირველი გარეკანი სენსაციური აღმოჩნდა: მოდელს $50 დოლარიანი ჯინსის შარვალი და $10 000 დოლარიანი მაისური ეცვა.

ამასთან, სწორედ ანა ვინტური ხელმძღვანელობს მოდის ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებას, Met Gala-ს 1995 წლიდან - მოდის საქველმოქმედო ფესტივალზე ანას ხელმძღვანელობით $400 მილიონამდე დოლარი შეგროვდა.

ამჟამად, ანა ვინტურის ქონება $50 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, გავრცელებული ცნობით Vogue-ის მთავარი რედაქტორის წლიური ხელფასი $4 მილიონი დოლარია. ამასთან, ვინტურის საკომპენსაციო პაკეტის ნაწილია:

  • ტანისამოსი - Conde Nast-ი ვინტურის ტანსაცმელში, თმასა და მაკიაჟში ყოველწლიურად $200 ათას დოლარს იხდის;
  • ავტომობილები - ვინტურს Mercedes-ის მარკის ავტომობილები და პირადი მძღოლები ემსახურებიან;
  • რეზიდენციები - გავრცელებული ინფორმაციით, Condé Nast-მა ვინტურს $1.6 მილიონ დოლარიანი საცხოვრებელი ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯში გამოუყო;
  • მოგზაურობა - Vogue ფარავს ანა ვინტურის პირველი კლასით მგზავრობისა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები