სამშენებლო კომპანია - "ანაგს", არქიტექტურულ კომპანია - "არტსტუდიო პროექტსა" და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია - "სიემსის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი შეთანხმებით, კომპანიებმა სამომავლო პროექტი დააანონსეს, რომლის მართვას, პროექტირებას და მშენებლობას ერთობლივად, BIM-ის გამოყენებით გეგმავენ.
BIM ანუ Building Information Modeling, საშუალებას იძლევა სამშენებლო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მშენებლობაში ჩართულმა მხარეებმა პროექტი 3D მოდელში იხილონ.
როგორც ARTSTUDIO-ს დამფუძნებელი, გიორგი სულაბერიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, BIM არის სამშენებლო სფეროში ერთგვარი რევოლუცია, რომელიც დაახლოებით 10 წელია მსოფლიოში მრავალ პარამეტრიანი და მრავალ განზომილებიანი ინსტრუმენტია.
მისივე ცნობით, BIM-ის დახმარებით პროექტში შეტანილი ყველა ცვლილება თუ გაწეული სამუშაოები რეალურ რეჟიმში ისახება და ხელმისაწვდომია არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და მშენებლებისთვის, რაც სამშენებლო პროექტის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფს. მისი ინფორმაციით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში როგორც პროექტების მართვის, მშენებლობის მართვის, ამასთან მშენებლობის პროცესის და შემდეგ უკვე, ექსპლუატაციის ნაწილში სავალდებულო ინსტრუმენტია.
„სახელმწიფოს აქტიური ჩარევა მნიშვნელოვანია, მათ შორის განათლების სისტემაში , რადგან BIM არ არის მარტივი ტექნოლოგია და ის ბევრი სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვს. ჩვენ გვქონია მარტო არქიტექტურის გაკეთების მცდელობა და რაღაც შედეგამდე მივედით, მაგრამ ამას მთელი ინდუსტრია თუ არ მოჰყვა, როგორიცაა კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო ნაწილი, მშენებლობის მართვის სპეციალისტები, მენეჯმენტის სპეციალისტები და დამკვეთი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პროდუქტს გამოიყენებს, შუაში გაჩერებას აზრი არ ექნება. ეს სპეციალისტების მთელი კომპლექსის“, - განაცხადა სულაბერიძემ.
სამშენებლო კომპანია "ანაგის" საინვესტიციო დირექტორი, თორნიკე კუჭავა გადაცემაში ამბობს, რომ ამგვარ ტექნოლოგიებზე მუშაობა საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში მეტ ეფექტს მოიტანს. ის პროექტების BIM-ში გაკეთების სურვილს გამოხატავს, რათა სხვებმაც დაინახონ, რომ ეს ახალი ტექნოლოგია სამშენებლო სექტორში უკეთეს შედეგს იძლევა.
„BIM-ის მეშვეობით, დამკვეთი თავიდანვე შეხედავს პროექტს და მის ყველა დეტალს თუ როგორი იქნება, შესაბამისად სხვა გაურკვევლობები არ იქნება. ამასთან, პროგრამა ყველა შეუსაბამობის შესახებ გვეტყვის, რაც დროის ძალიან დიდი ეკონომიაა.
დასავლეთის და ბალტიისპირა ქვეყნები ამ მიმართულებით ძალიან წინ არიან", - აცხადებს კუჭავა.
ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორის (CMC), ნინო მესაბლიშვილის განმარტებით, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო პროექტები BIM-ში კეთდება, რაც სახელმწიფოს მოთხოვნაცაა. რადგან, აღნიშნული ტექნოლოგია ძალიან ბევრ ფინანსურ რესურსს ზოგავს, ამასთან ხარვეზების დროულად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა. მისივე ინფორმაციით, ამ სამი კომპანიის გაერთიანების მიზანი ის იყო, რომ სამშენებლო სექტორში ახალი სიტყვა ეთქვათ, ამასთან BIM-ის დანერგვას და პოპულარიზაციისთვის ხელი შეეწყოთ.
„სამწუხაროდ, მისი დანერგვა დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აქტიურად დაინერგება. რატომ დავაგვიანეთ? - პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ მისი დანერგვა ხარჯებთან არის დაკავშირებული და ძალიან რთულია, კერძოდ დამკვეთი იმაში დაარწმუნო, რომ იმ ტექნოლოგიაში ჩადოს ფინანსური დიდი რესურსი, რომლის შედეგიც თავად არ უნახავს. მეორე მხრივ, საქართველოში BIM-ის სპეციალისტების ნაკლებობაა. ქვეყანაში ძირითადად უცხოელი ექსპერტები არიან და შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში, სულ ხელზე ჩამოსათვლელი სპეციალისტები გვყავს,“-აცხადებს მესაბლიშვილი.