მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ანაგი“ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის, მთავრობამ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა

ანაგი

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ „ოცნების ქალაქის“ მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელებისთვის, მთავრობამ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 300-ე განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში 17 696 ლარი უნდა გადაიხადოს.

„სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელების მიზნით, შპს ანაგი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცეს უფლება მოიპოვოს 13 567 მ³ ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული ტერიტორიაზე“, - წერია განკარგულებაში.

წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებას „ანაგი“ ვალდებულია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, ასევე სახელმწიფო ქონების ეროცნული სააგენტოს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს სოკარ ჯორჯია გაზის წერილებით განსაზღვრული პირობები შეასრულოს, თუმცა დამატებით ამ პირობებზე დოკუმენტში საუბარი არ არის.

სამშენებლო კომპანია ვალდებულია მოპოვებული წიაღისეული მცოლოდ „ოცნების ქალაქის“ მეორე ფაზის მშენებლობისთვის გამოიყენოს, რაზედაც ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში სააგენტოს და დეპარტამენტს მოპოვებული ოდენობების შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები იქნება კეთილმოწყობილი და სრულად აღჭურვილი გაზმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ტერიტორიაზე მოეწყობა საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები. პროექტი 2028 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და 582 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები