მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლია არ აშენებულა, ბაქო-სუფსას მილსადენი გაჩერებულია, BTK რკინიგზა მინიმალურ დატვირთვაზეა - გილაური შუა დერეფანზე

ნიკა გილაური

გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში საქართველოს ექსპრემიერი ნიკა გილაური ხაზს უსვამს წლების განმავლობაში შეფერხებულ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მათი განხორციელება ვერ ხერხდება, მაგალითად ანაკლიის პორტი, რომლის პროექტის განხორციელება მთავრობამ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რამდენიმე წლით შეჩერდა, სანამ ის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს არ გააქტიურდა, თუმცა 2020 წლის დასაწყისში მთავრობამ ამ პროექტზე არსებული საინვესტიციო შეთანხმება მოშალა, 2024 წლის 22 ოქტომბერს კი პორტის მშენებლობას საფუძველი ხელახლა, წინასაარჩევნოდ ჩაუყარა. ასევე გაჭიანურებულია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვნად ამუშავების საკითხიც, ბაქო-სუფსას მილსადენით კი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეჩერებულია.

"ანაკლიის პორტის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო 2010 წლიდან და 2015-2016 წელს პირველ ფაზას უკვე გემები უნდა მიეღო, დღემდე არაა დასრულებული. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას 2014 წლიდან უნდა ემოქმედა, დღემდე არაა ამოქმედებული არადა დღემდე არ ამუშავებულა. ეს ორი ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი ამ ხედვის განსახორციელებლად. დღეს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა მუშაობს 14-15%-იანი დატვირთვის და რატომ? მაქსიმალურად მექანიკური მიზეზების გამო.

ბაქო სუფსას მილსადენი რომელიც არაჩვეულებრივი გამოსაყენებელია, არ მუშაობს საერთოდ. არ ჩადებულა არანაირი ინვესტიციები რომლებიც საქართველოსგან რეალურად ინფრასტრუქტურულ კვანძს და რეგიონულ ცენტრს დააყენებდა,"- აცხადებს ნიკა გილაური.

საქართველოს ექსპრემიერი ნიკა გილაური აღნიშნავს, რომ ინვესტიციების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილის შეუზღუდავი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგანაც ნებისმიერი მსხვილი ინვესტორი შესაძლოა აღქმული იყოს კონკურენტთან, ამიტომაც ისინი ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას გაურბიან.

"საინვესტიციო გარემო ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი და არცერთ ინვესტორს არ მოუნდება ასეთ ქვეყანაში შემოსვლა, როდესაც იციან რომ ერთ ადამიანზე არის დამოკიდებული ამ ინვესტიციების წარმატება. თუ ჩათვლის ვინმე რომ ის არის კონკურენტი შეუძლიათ გააგდონ ან არ მისცენ ლიცენზია. რომელი მსხვილი ინვესტორი გახსენდებათ, რომელიც ბოლო 10 წელში შემოვიდა საქართველოში?

უამრავმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთის ფედერაცია რატომ არ შემოვიდნენ ისინი საქართველოში და რატომ შევიდნენ ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ზოგი დუბაიში წავიდა და იქიდან ფარავს ამ რეგიონს, ზოგი სტამბოლში. ხომ შეიძლებოდა ამ კომპანიების ნაწილი მაინც შემოსულიყო საქართველოში და აქ შეექმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ისეთი გარემო უნდა გქონდეს, რომ როდესაც რეგიონში შემოდის პირველი საქართველო ახსენდებოდეს,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები