"შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა აუცილებელია", - ამის შესახებ BMG-თან ინტერვიუში "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის" გენერალურმა მდივანმა განაცხადა. გაიდარ აბდიკერიმოვის თქმით, ანაკლიის პორტის არსებობა იმ ტექნიკურ გამოწვევებს აღმოფხვრის, რაც ფოთის პორტის გამტარუნარიანობას ახლავს.
"თუ გლობალურად შევხედავთ, ეს ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე აუცილებელია. ამას ამტკიცებს ფოთის პორტის გადატვირთულობა, რომელსაც 50 ათასი კონტეინერის მომსახურება შეუძლია, თუმცა დღეს მისი შესაძლებლობები 110-120%-ითაა გადატვირთული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთების გადანაწილება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი. დღეს მოქმედი 23 საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ფოთის პორტის ზონაშია, ბევრ პრობლემას იძლევა.
საკონტეინერო ტერმინალებიდან ყველა არ არის მზად, დიდ მოცულობას გაუმკლავდეს. მათ აქვთ რაოდენობა, მაგრამ ხარისხი არ არის. დარწმუნებული ვარ, თუ თქვენ გადაწყვეტთ, დაასრულოთ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, თქვენ ყველა იმ ტექნიკურ პრობლემას მოაგვარებთ, რომელიც დღეს არსებობს და ართულებს ჩვენს გადაცემის პროცესს", - განაცხადა გაიდარ აბდიკერიმოვმა.
ანაკლიის პორტის აშენება ორ კომპანიას: ჩინურ-ამსტერდამულსა და შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ კომპანიებს სურს. კითხვაზე, თუ ინვესტორი ჩინური კომპანია იქნება, საქართველოსთვის, შესაძლოა, თუ არა, ეს გამოწვევა აღმოჩნდეს, მან განაცხადა:
"ჩინელ ინვესტორებს აქვთ ოქროს წესი: საკუთარი ტვირთი, საკუთარი ფლოტი, საკუთარი პორტი - მე უბრალოდ არ ვიცი რომელი კომპანიაა დაინტერესებული, ჯერ ამ კომპანიის სახელს არ გვეუბნებიან და როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა არჩევის პროცესი მიმდინარეობს. რაც მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი. არ მინდა ახლა რამე შევაფასო, მაგრამ ფაქტია, პორტი მალეა ასაშენებელი".
სექტემბერში, პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის გამოცხადებული შერჩევის ფარგლებში საბოლოო ეტაპზე ორი კონსორციუმი გადავიდა. მათგან ერთი სინგაპურულ-ჩინური ჰოლდინგი, ხოლო მეორე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანიაა. თუმცა, კონფიდენციალურობის შეთანხმების გამო, ამ ფირმების სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სახელმწიფო მოელის, რომ ანაკლიის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 589 მილიონ დოლარამდე იქნება.