მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი დერეფანი ყოველთვის არ იყო კონკურენტული, დღეს კი ჩვენთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნა და ეს გამოსაყენებელია" - ჯემალ ინაიშვილი

ჯემალ ინაიშვილი

თუ ჩვენ არ შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჩვენს დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას ვერ შევძლებთ , - ამის შესახებ "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში რუბრიკის „ინვესტიციების დროა“ ფარგლებში განაცხადა და იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რაც შუა დერეფანში ტვირთების მოსაზიდად მნიშვნელოვანია.

„აუცილებელია ნავსადგურების მოდერნიზაცია, საჭიროა რკინიგზაში ინვესტიციებიც. ასევე ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ [თბილისის მშრალი პორტი]. ჩვენ მომზადებული უნდა ვიყოთ. ჩვენი დერეფანი არ იყო ყოველთვის კონკურენტული. ჩვენ ყოველთვის ვიყავით უფრო ძვირი, ვიდრე დერეფანი, რომელიც გადიოდა რუსეთზე. მაგრამ დღეს ჩვენთვის შეიქმნა მიმზიდველი გარემო და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ორი ნავსადგური აქვს, რომელიც მშრალი და ნაყარი ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას უზრუნველყოფს, თუმცა, მათი სიმძლავრეები გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

„ამას ემატება ცენტრალურ აზიაში ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება სასუქის წარმოებაში, რაც ლოგიკურად უნდა გადიოდეს ჩვენზე. როცა იაპონური და სამხრეთკორეული კომპანიები მუშაობდნენ ამ პროექტებზე, როცა მე ფოთის ნავსადგურს ვხელმძღვანელობდი, მაშინ დაიწყეს ფიქრი ამ წარმოებების განვითარებაზე. მშენებლობა არ იყო დაწყებული და მაშინ ეძებდნენ გზებს, სად და როგორ უნდა გაეტანათ თავიანთი პროდუქცია. ეს დრო დადგა უკვე. ბათუმში აშენდა ახალი ტერმინალი, ფოთში "პეისი" ოპერირებს, მაგრამ მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებლობა და სიმძლავრეები. ამიტომ დგას ანაკლიის ნავსადგურის საკითხი. ფოთს გააჩნია განვითარების ასეთივე პროექტი, რომელიც ჩემს დროს მომზადდა და იაპონიის მთავრობამ დააფინანსა... ისეთივე ღრმაწყლოვანი ნავსადგური იქნება, თუ ეს პროექტი განხორციელდა. ამიტომ მთავარია დროულად განხორციელდეს. თუმცა დაგვიანებულიც კია“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა და დასძინა, რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, შუა დერეფანში თავისი ადგილი დაიკავოს.

ცნობისთვის, შპს "თბილისი დრაი პორტი" თბილისში არაბულ პარტნიორთან ერთად, მშრალი პორტის პროექტს იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები