მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის მშრალი პორტის" პირველი ფაზა იანვარში გაიხსნება - ჯემალ ინაიშვილი

თბილისის მშრალი პორტი

Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ "თბილისის მშრალი პორტის" პირველი ფაზა იანვარში გაიხსნება. ამის შესახებ მან პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯემალ ინაიშვილმა უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ეტაპი 16 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ფაზას 2025 წლის იანვარში გავხსნით ოფიციალურად. პირველი ეტაპი 16 მლნ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს და შემდეგ ეს ინვესტიციები შესაბამისად გაგრძელდება. ამ პროექტის პირველი ეტაპი რასაც ითვალისწინებდა გახლავთ ის, რომ განხორციელდა სამშენებლო ნაწილი და მოედანი მომზადდა, შეყვანილ იქნა სარკინიგზო ხაზები, რომელიც ტერმინალს და რკინიგზის სადგურს აკავშირებს. ახლა შენდება პირველი საწყობი და შეძენილია ყველა აუცილებელი ტექნიკა“,- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

მისი განმარტებით, მთავარი ამოცანაა, რომ ფოთის და ბათუმის ნავსადგურები "თბილისის მშრალ პორტს" დაუკავშირდეს, ვინაიდან კონტეინერებით შემოსული ტვირთის დიდი ნაწილის მიმღები სწორედ თბილისია.

„ასე ვთქვათ, ეს არის პორტების გაგრძელება, პორტებს უშუალოდ თბილისთან აახლოებს. კონტეინერების 70%, რომლებიც ბათუმსა და ფოთის პორტების მეშვეობით შემოდის, მოდის თბილისზე. შესაბამისად, ჩვენ ვამცირებთ მანძილს და დროს, რათა ტვირთის მიმღებმა მიიღოს და განაბაჟოს თავისი საქონელი თბილისში და შესაბამისად, შემდეგ უკვე მოახდინოს ამ ტვირთის ან თავისთან გადატანა ან ჩვენთან დასაწყობება. პირველი ფაზის ფარგლებში ეს არის გათვალისწინებული.

მეორე ეტაპი უკვე სპეციალიზებული A კლასის საწყობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ძალიან დიდი ინვესტიციაა თავისთავად.

ჩვენ მარტო თბილისით და საქართველოთი არ შემოვიფარგლებით, პირველ ეტაპზე საუბარია საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაზე. ვინაიდან ბევრი ადრინდელი მარშრუტი, რომელიც გადიოდა რუსეთზე სანქციების გამო მიუწვდომელი ხდება, ბევრ კომპანიას აინტერესებს საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი“,- განაცხადა Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, AD Ports Group-მა „თბილისის მშრალი პორტის“ შეძენის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. შედეგად არაბული ჯგუფი 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. ახალ ლოგისტიკურ ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.

დღეს გამართულ „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციას ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი, რომელიც კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს. „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) დელეგაცია თბილისში სწორედ „მშრალი პორტის” პროექტის განხილვის მიზნით იმყოფება.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრო პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „თბილისის მშრალი პორტის” პროექტი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ შუა დერეფნის მარშრუტს დი0დი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები