მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, თუ რა არის სახელმწიფოს როლი|ლექსო ალექსიშვილის მოსაზრება

ანაკლია

PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რა არის სახელმწიფოს როლი. როგორც მან გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ამ პროექტზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო.

“ანაკლია თავისთავად არის ძალიან რთული და მრავალწახნაგოვანი პროექტი... მე არ ვიცი კონსორციუმი შექმნილია თუ არ არის შექმნილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მანდ შეკითხვა ისმება არა კონსორციუმის შესახებ მხოლოდ და მათ კონსტრუქციაზე და სტრუქტურაზე, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და ასე შემდეგ, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის - თუ რა არის სახელმწიფოს როლი, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო ამ უშველებელი პროექტის განხორციელების დროს. მათ შორის, მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ ჩვენ ვაფინანსებთ, ანუ სახელმწიფო აფინანსებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უშველებელი ფული უნდა ამოიღოს ეკონომიკიდან და მიმართოს ამ პროექტისთვის. მეორე არის, რომ ჩვენ არ ვაფინანსებთ, მაგრამ გარანტიას ვიძლევით, რაც თავისთავად ასევე საფრთხე არის. რას ნიშნავს ეს? როგორ, რა გარანტიას ვიძლევით, რა ფორმის გარანტიას? იმიტომ რომ ის შეიძლება დღეს არ იყოს ჩვენს ხარჯზე განხორციელებული, როგორც გადასახადის გადამხდელების, მაგრამ შეიძლება იყოს ჩვენი შვილების ხარჯზე.... სუვერენული გარანტიის მიცემის დროს ყოველთვის არის საფრთხე, რომ იქ რაღაცა ისე არ მოხდეს.

ეს მდებარეობს ჩვენთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ კონფლიქტთან ახლოს და იქ ერთი შემთხვევითი დრონის გადმოფრენა და ჩამოვარდნა თავისთავად ნიშნავს ამ პროექტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შექმნას, და მერე რა ხდება? ნებისმიერ შემთხვევაში მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, უფრო პრაგმატულად უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე მხოლოდ ემოციით, რომ აი ეს პროექტი გვჭირდება, ეს პროექტი აგვაშენებს, ეს პროექტი გაგვაძლიერებს და ასე შემდეგ”, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

კითხვაზე - ჩნდება თუ არა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება ქვეყანას გააძლიერებს, ალექსიშვილის პასუხობს, რომ არ ჩნდება, თუმცა საფრთხეებთან დაკავშირებით სამსჯელოა.

"გამჭვირვალობაზეც უნდა ვიმსჯელოთ ცალსახად, საფრთხეებთან და რისკებთან დაკავშირებითაც უნდა ვიმსჯელოთ და ამის მიხედვით უნდა მოხდეს საბოლოოდ ანალიზის გაკეთება, რადგან დღეს რა პორტებიც გვაქვს, ყველა ისეა დატვირთული, რომ გამართულია ყველა, ანუ მათ არ ამოწურეს თავიანთი თავი? - ეს შეკითხვები სად არის? და ამის მიხედვითაც მერე გამოიკვეთება. ბუნებრივია, ჩვენ რომ გვქონდეს გამართული ანაკლია, რომელიც ფუნქციონირებს და ყველაფერს აკეთებს და საფრთხეები არ არსებობს და არც რისკები არ არსებობს, ამაზე კარგი რა იქნებოდა”, - დასძინა PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორი ამ დრომდე შერჩეული არაა. 2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

როგორც 2026 წლის იანვრის ბოლოს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა, მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლეს მომავალში ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესში მეტი სიცხადე იქნება. "ვაგრძელებთ მუშაობას კერძო ინვესტორის შერჩევის მიზნით და ვფიქრობთ, ძალიან მალე ამ კუთხითაც უფრო მეტი სიცხადე გვექნება", - აცხადებს თამარ იოსელიანი. პროექტზე კონკრეტული კერძო ინვესტორის არარსებობის მიუხედავად, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები