ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის კომპანიას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, მთავრობის საკუთრებაში არსებულ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში 2025 წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელებული ცვლილებით შევიდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
ამასთან, 30 დეკემბერს გაიმართა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარედ თამარ იოსელიანი აირჩიეს. თამარ იოსელიანი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2023-2024 წელსაც იყო, თუმცა 2025 წელს საბჭოს შემადგენლობა შეიცვალა, 2025 წლის დეკემბერში კი ის ის კვლავ ამ თანამდებობაზე დაბრუნდა.
2026 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 204 მილიონი დოლარია.
რა იცვლება ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებაში 2026 წელს:
„სამშენებლო ნებართვის მიღების შემდგომ დაიწყება ტალღმტეხელის პირველი სექციის მშენებლობა. 2026 წლის დასაწყისში იგეგმება მცირე ზომის დამღრმავებელი გემის/მიწახაპია შემოსვლა ნიადაგის გასაუმჯობესებელი სამუშაოების განხორციელებისთვის, 2026 წლის ივლისში იგეგმება დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ტალღმტეხის მშენებლობისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღია 2027 წლის 14 მაისი, თუმცა მოლოდინია რომ ის 2026 წლის ბოლოს ან 2027-ის დასაწყისში დასრულდება.
შედეგად ორგანიზაციას ექსპლუატაციაში ექნება წყლის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი (ტალღმტეხელი, დაღრმავებული შემოსასვლელი არხი და მოსაბრუნებელი არხი), ხოლო იმისთვის რომ სრულად დასრულდეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საჭიროა დამატებით აშენდეს ნავმისადგომი, რომელიც გახლავთ ცალკე შესყიდვის ობიექტი“,- წერია 2026 წლის ბიუჯეტისგანმარტებით ბარათში.
2025 წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება.
მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.
ინვესტორის შერჩევის პროცესი გრძელდება:
ანაკლიის პორტის პროექტებს მთავრობა ახორციელებს როგორც პორტის აქციონერი, პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან, რომელიც 2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ დასახელდა, თუმცა ამ დრომდე მასთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არაა. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა მიმდინარე წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.





























