მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს

61d45280453c7
დავით ჯალაღონია
04.01.22 18:25
5503
ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების განახლებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, 2021 წლის 31 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. 

შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია, სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2022 წელი.

"სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი არის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ და დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ზრდა-განვითარებისათვის, შესაბამისად აღნიშნული პროექტის სრულყოფილი და წარმატებული განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა", – წერია გამარტივებული შესყიდვის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში.

ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას განმარტავს.

"ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა,დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული მომსახურებების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს პროექტის განხორციელება და უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალური იურიდიული, საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკების მინიმიზაციას და სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენასა და დაცვას", – წერია დოკუმენტში.

როგორც სააგენტო, ანუ შემსყიდველი წერს, ზემოთ განსაზღვრული სამუშაოები შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა დროს 2022 წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით თუ რა დროს იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა კვლევები და მათზე გამოთქმული შენიშვნები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დაკვეთით, გასულ წელს კომპანია MTBS-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, თუმცა სახელმწიფომ მისი შედეგები არ გაასაჯაროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები