მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
პორტის განვითარების პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია და მის ფარგლებში 600,000 კონტეინერის წლიური გამტარობის მქონე პორტი და საკონტეინერო ტერმინალი უნდა აშენდეს.
მიმდინარე წლის 27 მაისს ირაკლი კობახიძემ BMG-ის განუცხადა, რომ არსებობს "ობიექტური მიზეზები", რის გამოც ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტური გარემოებები აფერხებენ მოლაპარაკებების პროცესს.
"რა თქმა უნდა, ხელშეკრულების გაფორმებას სჭირდება მოლაპარაკებები, ამ კუთხით შეიძლებოდა რაღაც უფრო მალე დასრულებულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი. მაგრამ ეს არ აფერხებს პროექტის განხორციელებას. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მომავალშიც. მთლიანად მოლაპარაკებების საქმეა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BMG-იმ კითხვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმის შესახებ, თუ როდის მოელიან, რომ კონსორციუმთან შეთანხმება გაფორმდება და რა გარემოებები აფერხებს აღნიშნულ პროცესს. თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ანაკლიის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი მთავრობამ 2023 წელს გამოაცხადა და ის 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის პირობების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო პორტის 51%-იანი აქციონერი იქნება, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი კი კონკურსის შედეგად შერჩეული ინვესტორი. ამასთან, პროექტში კაპიტალდაბანდების განხორციელების ძირითადი ვალდებულება სწორედ ინვესტორს ეკისრება.
კონკურსის საბოლოო ეტაპში სულ ორი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ერთი იყო ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC და მისი შვილობილი China Harbour PTE, ხოლო მეორე მონაწილე იყო შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
ამასთან, 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გააფორმა ხელშეკრულება ანაკლიაში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. კომპანია ამჟამად ბიუჯეტის სახსრებით ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.
შესაბამისად, პორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ამჟამად მხოლოდ მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, ხოლო პორტის სავარაუდო ინვესტორთან, CCCC-თან შეთანხმება გაფორმებული არაა.
ანაკლიის პორტის პარამეტრები შეიცვალა
2025 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის პარამეტრები შეიცვალა - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი.
შეიცვლება ახალი პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვლება და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება.
მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს საინჟინრო ცვლილება პორტის ტვირთბრუნვის მოცულობაზე გავლენას არ მოახდენს.





























