მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან ფართოა, მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვესაუბროთ - კობახიძე

ქვრივიშვილი კობახიძე

"მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა და დასძინა: "ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა".

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან ფართოა.

"ეს ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ევროპულ სუბიექტებს, ძირითადად კერძო კომპანიებია ამ შემთხვევაში, ვინც ინტერესს გამოხატავს. არის ძალიან ფართო ინტერესი. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ამ პორტის ამოქმედება. პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარია ტვირთების მოზიდვა. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან დავამყარებთ შესაბამის ურთიერთობებს. მიხარია, რომ განახლებული ენერგიით დაიწყო მუშაობა ანაკლიის პორტის განვითარებაზე. ძალიან სწრაფი ტემპით განახლდა მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რაც დაკავშირებული იყო ხელშეკრულებების გადახედვასთან.

200 მილიონის ღირებულების იყო ხელშეკრულება და 50 მილიონი დოლარით შემცირდა იმ მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა და ეკონომიკის სამინისტრომ, შესაბამის კომპანიასთან აწარმოა. იყო სივრცე ხარჯების შემცირებისთვის და ჩვენს მაქსიმალურად დავზოგეთ საბიუჯეტო თანხები. რაც შეეხება ახალ მოდელს, ახალი მოდელი არის ოპტიმალური, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, პორტი იქნება მთლიანად ქართული და ასევე, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ, მის ფუნქციონირებაში. შესაბამისი დაინტერესებული მხარეები, სახელმწიფოები და კომპანიები. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა. ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირაოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

ამჟამად, ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლის ფსკერის დაღრმავების, ნაპირის მოწყობის, პორტის დამცავი ტალღმტეხელის კედლის მოწყობის მიმართულებით, რასაც $150 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.

ასევე, სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam-ი მუშაობს ანაკლიის პორტის გენგეგმის განახლებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები