რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შუა დერეფნის მნიშვნელობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ დაინტერესება გამოხატა. "დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო – ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ", - განაცხადა ალიევმა.
აქედან გამომდინარე BMG-მ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ჰკითხა - რა სახის დაინტერესებაზეა საუბარი აზერბაიჯანის მხრიდან.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პორტის პროექტით სხვადასხვა ქვეყანა მათ შორის შუა აზიის ქვეყნებიც არიან დაინტერესებულნი, რადგან პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"ანაკლიის პორტის განვითარების პროექტი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტია. შესაბამისად, ის საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ასევე ამ დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის - ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და შუა აზიის ქვეყნებისთვის. გამტარუნარიანობა გაიზრდება და ეს დერეფანი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ის მოემსახურება ამ ქვეყნების ეკონომიკებს და მათ ინტერესებსაც როგორც სატრანზიტო, ისე იმპორტის ოპერაციების გასაზრდელად. ასე რომ ბუნებრივია ინტერესი სხვა ქვეყნების მხრიდან", - ამბობს დავითაშვილი.