პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, აქტიურ ფაზაშია კერძო პარტნიორის შერჩევაც.
დავითაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში იქნება საჯარო პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
"აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევაც აქტიურ ფაზაშია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი პრეტენდენტ კომპანიასთან, რომელიც ასევე მალე დასრულდება. ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ გამარჯვებული სამშენებლო კონსორციუმი და ისინი აქტიურად მუშაობენ დღეს ანაკლიის აკვატორიაში. უკვე უახლოეს დღეებში გვექნება დიდი პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას უფრო დეტალურად გავაცნობთ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. ანუ პროგრესი გვაქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ეს მინდა გითხრათ, რომ უწყვეტად გაგრძელდება",- თქვა ლევან დავითაშვილმა.
მისი განცხადებით, პროექტის მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ პროექტი დაგეგმილზე სწრაფი ტემპით წავა წინ.
"სამწუხაროდ, ბევრია სკეპტიციზმი ამ პროექტის მიმართ, ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია და შეიძლება ნაკლებად სჯერა პროექტის განხორციელება დათქმულ ვადებში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ მოზომილი თარიღი შევთავაზეთ საზოგადოებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპითაც წარიმართება და კიდევ უფრო სწრაფად შევძლებთ ამ პორტის ოპერირებას. რა თქმა უნდა, საუბარია ამ შემთხვევაში პირველ ფაზაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს ამისთვის, გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია შერჩეული, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენ ნამდვილად მაქსიმუმ გეგმის მიხედვით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გეგმაზე უფრო სწრაფადაც მოვახდენთ ამ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას", - თქვა ლევან დავითაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება. მისი ინფორმაციით, პორტის გამტარობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში.
შეგახსენებთ, მთავრობამ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ პირვლემა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.
პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-მა გაიმარჯვა. მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.