ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპზე ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო შემდეგ ფაზაზე – ტალღმტეხელის მშენებლობისას – მათი რაოდენობა 150-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი კობახიძის მთავრობის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში, რომელიც "ქართული ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტს 27 ივნისს წარედგინება. დოკუმენტი 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში წერია ნაბიჯები, რომელიც ანაკლიის პორტის ასაშენებელი კონტრაქტისთვის გადაიდგა და საზოგადოებისთვის ცნობილია. კერძოდ, 2024 წლის სექტემბერში დაიწყო ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღმტეხის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ეტაპი მიმდინარეობს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმო JAN DE NUL – PRIME CONCRETE-ს შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
„ამ კვლევიდან მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, დიზაინერებს ეძლევათ საშუალება, სისრულეში მოიყვანონ ტალღმტეხელის საბოლოო სამშენებლო ნახაზები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ინვესტორის შერჩევის პროცესს, დოკუმენტში მითითებულია ისიც, რომ 2024 წლის 20 მაისს China Communications Construction Company Limited-ისა (ჩინეთი) და China Harbour Investment Pte. Ltd-ის (სინგაპური) კონსორციუმმა წარადგინა წინადადება, რომლის ფარგლებში ქვეკონტრაქტორებად დასახელდნენ China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd.
"ოცნების" მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე კონსორციუმთან „მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია რიგი საკითხის დაზუსტების მიზნით“.
„მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საბოლოო დაზუსტებების შესწავლა, რის შემდგომაც შესარჩევი კომისია იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მოხსენებაში, რაც "ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა არაერთხელ თქვა.




























