მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ანაკლიის] პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას და არა პრობლემას უქმნიდეს მას - თენგიზ ფხალაძე

ანაკლია

GIPA-ს პროფესორი თენგიზ ფხალაძე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ობიექტი, როგორიცაა შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტი, სხვა სახელმწიფოს ხელში არ უნდა აღმოჩენილიყო.

"პორტის აშენება თავიდანვე, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, განიხილებოდა, როგორც გეოპოლიტიკური პროექტი. როგორც, თავის დროზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა და ბაქო-თბილისი-ერზრუმმა შეასრულა ის დიდი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რამაც მიგვიყვანა რუსეთიდან საქართველოს ბაზების გაყვანამდე და ნატოში განაცხადი გაგვაკეთებინა, დაახლოებით მსგავსი ფუნქცია უნდა ჰქონოდა ამ პორტსაც. ამიტომ განაცხადა მაიკლ პომპეომაც, რომ მნიშვნელოვანია, პორტი იყოს არა რუსული, ჩინური, ამერიკული… არამედ ქართული.

თავისთავად ცხადია, ჩვენ ამის თანხები არ გვაქვს, ამ დროს კონსორციუმის შექმნაც მიღებული ფორმაა. პრობლემაა მაშინ, როდესაც ეს ვარდება ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ხელში, რომელთანაც ურთიერთობები ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, პლუს მაშინ, როდესაც არსებობს გამოცდილება უამრავი ქვეყნის, როდესაც ჩინური კრედიტების გავლენით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ჩინეთის ხელში აღმოჩნდა", - განმარტავს თენგიზ ფხალაძე.

"ანალიტიკას" სტუმარი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული ქართული მხარის ინტერესები, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

"როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პორტზე, როგორც კერძო ბიზნესპროექტზე, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ის არგუმენტი, რომ ყველა თანამშრომლობს ჩინეთთან და ჩვენ რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ. უპირველეს ყოვლისა, არავინ ამბობს, რომ ჩინეთთან არ უნდა ითანამშრომლო, პირიქით, მახსოვს ჩინეთთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და იქიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვის გვქონდა აღმავალი დინამიკა. მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის ხდებოდა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. კითხვა გაჩნდა შარშან, როდესაც ხელი მოვაწერეთ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ - რას გვაძლევს ეს დოკუმენტი?

ვხედავთ, რომ დოკუმენტი არ არის თანასწორუფლებიან პარტნიორებს შორის - აბსოლუტურად ყველაფერში გათვალისწინებულია ჩინეთის ინტერესები და საქართველოს ინტერესები საერთოდ არ ჩანს. კერძოდ, საუბარია ისეთ პარადოქსულ რაღაცებზე, როგორიცაა გამოცდილების გაზიარება მმართველობაში - მმართველობის სულ სხვა ფორმა აქვს ჩინეთს, სულ სხვა გზა აქვს არჩეული საქართველოს და სხვა რამ წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვართ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყანა, მივდივართ ნატოსკენ, ვაშენებთ დასავლურ დემოკრატიას - რა მმართველობის გამოცდილების გაზიარებაზეა ლაპარაკი?!" - აცხადებს GIPA-ს პროფესორი.

თენგიზ ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება უარყოფითად აისახება საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობაზეც, მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც.

"პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას და არ უნდა უქმნიდეს მას პრობლემას, პრობლემას არ უნდა უქმნიდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას. არ უნდა აჩენდეს კითხვებს ამ პროექტის გამო ნატოსთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან ურთიერთობაში - პორტის პროექტი გვინდა იმისთვის, რომ გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილები აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები