მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანალიზი, მოდელები მომზადებულია" - სასკოლო კვების საკითხს „ოცნება“ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარადგენს

კვება

სასკოლო კვების პროგრამის დეტალები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

სასკოლო კვებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ ანალიზი ჩატარებულია და ამჟამად ბიუჯეტი და ფორმატები ზუსტდება.

მან ხაზი გაუსვა, რომ კვება ერთბაშად ყველა სკოლაში არ იქნება ხელმისაწვდომი და ცალკეულ სკოლებში პროგრამის დაწყება მათ შორის ინფრასტრუქტურულ მზაობაზეა დამოკიდებული.

„სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც ვისაუბრე, როგორც ახლების გამოცხადება, ისე არსებულების დასრულება, ითვალისწინებს ბუფეტის ინფრასტრუქტურას, რაც არის პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ სკოლებში კვების პრობლემის გადაჭრა დავიწყოთ. ამიტომ, ინფრასტრუქტურის კვალდაკვალ, ბუნებრივია ამაზე პასუხიც მყისიერი იქნება.

ქვეყანაში არსებული თითოეული სკოლის საჭიროებები აღწერილია, შესაძლებლობები კვებასთან დაკავშირებით, თუ რომელ სკოლაში რა ფორმატით, რა ფორმით და როდის შეგვიძლია დავიწყოთ - ეს ანალიტიკა უკვე დასრულებულია, რომელიც პრაქტიკულად არის გზამკვლევი, როგორ შეიძლება ამ პირველი და ისტორიული პროექტის დაწყება ჩვენი ბავშვებისთვის სკოლებში.

რაც შეეხება როდის, ახლა ბუნებრივია ყველა საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ, უახლოეს მომავალში, ალბათ რამდენიმე კვირაზეა ლაპარაკი, როდესაც ეს თარიღები ჩაინიშნება, იქნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, მათ შორის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ნაწილში, სადაც უკვე დეტალურად გავაჟღერებთ და ვეტყვით საზოგადოებას, რა ფორმატით, როგორ და როდის დაიწყება სასკოლო კვების პროგრამა.

ერთი შემიძლია ახლავე დაგიდასტუროთ, რომ სრული სამუშაოები, ანალიზი, მოდელების ნაირსახეობა, ლოგისტიკურად როგორ შეიძლება ეს დალაგდეს, სამინისტროს მხრიდან მომზადებულია. ახლა მიდის გარკვეულ საუბარი ბიუჯეტებსა და ფორმატებზე. ბუნებრივია, ეს ერთბაშად ყველა სკოლაში ვერ დაიწყება. იქ, სადაც ინფრასტრუქტურული მზაობაა ეს ძალიან მარტივად დაიწყება, სადაც არ არის შესაძლოა ოდნავ მოგვიანებით დაიწყოს ან სხვადასხვა ფორმატებით განხორციელდეს“, - თქვა გიორგი ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები