მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანანოვების სასახლის" პრივატიზაციის ამბავი - რა კითხვებია ქონების ეროვნულ სააგენტოსთან?

5e2b36a1466fb
თელარა გელანტია
25.01.20 10:00
2061
13 იანვარს ელექტრონულ აუქციონზე, იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა. საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. მის ფარგლებში სარეალიზაციოდ 77,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა კომპანია შპს "ინვესტ ჯგუფმა" 1,375,000 ლარად შეიძინა. ქონების საწყისი ფასი მილიონ 370 ათასი ლარი იყო. აუქციონში მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

"ანანოვების სასახლის" გაყიდვა - რომელ კითხვებს სჭირდება პასუხები? - ვიდეომასალა



აუქციონის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში და შემდეგ დღეებშიც bm.ge-ის რამდენიმე პირი დაუკავშირდა, რომელთაც უთხრეს, რომ ქონების შეძენის ინტერესი მათაც ჰქონდათ, ზოგს - წლების განმავლობაშიც კი, მაგრამ ობიექტი სააგენტოს გაურკვეველი მიზეზებით არ გამოჰქონდა. ერთ-ერთი პოტენციური მყიდველის თქმით, საახალწლო დღეებში გამოცხადებული აუციონი არ შეუმჩნევიათ; ერთ-ერთმა კომპანიამ კი მოგვაწოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან 10 იანვარს, პარასკევს გაგზავნილი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იმ ქონების აუქციონი, რომლითაც ის წლების წინ იყო დაინტერესებული, 13 იანვარს, 17:00 საათზე სრულდებოდა; გამომდინარე იქიდან, რომ 10 იანვარი პარასკევი იყო, აღნიშნულ პირს „საქართველოს ფოსტამ“ წერილი 15 იანვარს ჩააბარა ანუ აუქციონის ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ. Bm.ge-მ კიდევ 2 დაინტერესებულ პირთან გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ სააგენტოდან წერილები მათაც დაგვიანებით მიიღეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა აუქციონებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტმა/გაყიდვების სამსახურმა პოტენციურ მყიდველებს არ დაურეკა აუქციონის შესახებ, არც ელექტრონულ ფოსტაზე მისწერეს წერილები და არც facebook-ზე სააგენტოს გვერდზე იძებნება შესაბამისი განცხადება, თუმცა bm.ge-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დაინტერესებულმა პირმა უთხრა, რომ სააგენტოზე „ანანოვების სასახლის“ აუქციონის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო და შემდეგ „გაქრა“.

თემაზე მუშაობისას bm.ge პრივატიზების დეპარტამენტის უფროს ზურაბ წიქვაძეს ესაუბრა. მას არ აქვს არგუმენტირებული პასუხები კითხვებზე - რატომ არ დაურეკეს პოტენციურ მყიდველებს გაყიდვების სამსახურიდან, რატომ არ გაუგზავნეს შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე, რატომ არ იდო განცხადება facebook-ის გვერდზე ტრადიციულად და მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ რატომ გამოიყენეს შეტყობინებს ერთადერთ არხად, თან ისიც - დაგვიანებით.



ჩვენ მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013-2019 წლებში აღნიშნული ქონების ყიდვის სურვილი, ჯამში, 8 ფიზიკურ პირს/კომპანიას ჰქონდა დაფიქსირებული და მათ შორის იყო „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. ოფიციალურ კორესპონდენციებზე დაყრდნობით დავადგინეთ, რომ ამ კომპანიას სურვილი ჰქონდა, ვარციხეში მდებარე ობიექტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 300,000 ლარად, 3 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით ეყიდა. კომპანიას გეგმაში ჰქონდა 35-ნომრიანი სასტუმროს აშენება, 400-კაციანი დარბაზის მოწყობა, აუზით და ა.შ., მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ ქონების სააგენტო ამ პირობებზე არ დათანხმდა და გარიგება ვერ შედგა.

ზაზა დუგლაძე bm.ge-ისთან აცხადებს, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონის შესახებ იცოდა, მაგრამ საჭირო თანხების მობილიზება ვერ მოახერხეს.

„აუქციონის შესახებ საქმის კურსში, რა თქმა უნდა, ვიყავი... თავის დროზე (წლების წინ) მე კი არა სხვა კომპანიებიც იყვნენ ამ ქონების შეძენით დაინტერესებულები. მათ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა, ვერ გეტყვით, მაგრამ მე რატომ ვერ მივიღე, მაგას გეუბნებით, რომ ამ პერიოდში ჩვენთვის ეს თანხები სხვაგან იყო მიმართული და ვერ შევძელით ყიდვა... მაშინ 300,000 ლარზე იყო საუბარი და ახლა კიდევ 4 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩამედო და მილიონ 400,000 უნდა გადამეხადა და რანაირად უნდა მეყიდა?!“.

Bm.ge-ის რეპლიკაზე - „გეძვირათ?“, ბიზნესმენმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რა ქმა უნდა, სასახლეს ეძახით, თორემ ოდა არის მიგდებული იმერეთში, წყალი ჩადის შიგნით... რა თქმა უნდა, თავის დროზე ლამაზი და ისტორიული... მაგრამ ახლა ჩემი ბიზნესი ტურისტული არაა, ჩვენ უფრო მწარმოებლები ვართ... ექსპორტზე ვყიდით პროდუქციას“.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყოფილი „ანანოვების სასახლის“ ახალი მფლობელი შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიასთანაა აფილირებული, ზაზა დუგლაძე შემდეგნაირად ეხმაურება:

„საქართველოში გასართობი თემაა მითქმა-მოთქმა და ჭორები. თქვენც უნდა გაერთოთ და მეც ვერთობი ხოლმე ჩემზე ჭორებს რომ ვიგებ... ნეტა, შემძლებოდა და მეყიდა... მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, ამხელა თანხად მეყიდა, მერე 4 მლნ ლარის ინვესტიცია ჩამედო. ეს სადღაც 2 მლნ დოლარს ცდება. ამ თანხად თბილისის ცენტრში გავაკეთებდი სასტუმროს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ცნობისთვის: შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიას „5 მეწილე ჰყავს და მათ შორის 23%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. სხვათა შორის, ბაღდათში სწორედ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ ფლობს შპს ვარციხის კონიაკის ქარხანას. ინფორმაციისთვის: ზაზა დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი დუგლაძის ძმაა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში bm.ge ცდილობდა, სხვადასხვა პერიოდში „ანანოვების სასახლის“ შეძენით დაინტერესებული ბიზნესმენების/კომპანიების ინტერვიუზე დათანხმებას, მაგრამ მათ სამწუხაროდ, უარი გვითხრეს და დუმილი არჩიეს. ძირითადი მიზეზი მოკლედ ასე ყალიბდება - „აწი მაინც ვერაფერს შევცვლით... ქონება გაიყიდა... ჩვენც სხვა ქონება ვიყიდეთ... არ გვინდა მთავრობასთან დაძაბვა და პრობლემები“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები