განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე სტუდენტებთან შეხვედრები დაიწყება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ პროგრამის კონცეფციაზე და ის სექტემბრიდან აუცილებლად ამოქმედდება.
„დღეს მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ პირველადი სტატისტიკური ინფორმაცია მათ შორის კონცეფცია, თუ როგორ უნდა წარიმართოს აღნიშნული სტაჟირების პროგრამა. პირველ ეტაპზე დავამუშავეთ მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობებია კანონის საფუძველზე, რა რაოდენობებია უწყებების მიხედვით და საკმაოდ იმედის მომცემი რიცხვებია - შესაძლოა, იმაზე უკეთესიც კი, ვიდრე ვვარაუდობდით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები კერძო სექტორთან.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დავიწყებთ სტუდენტების ჩართულობით მსჯელობას და ჩამოყალიბებას, თუ რის საფუძველზე უნდა შეირჩნენ სტუდენტები სტაჟირების პროგრამის გავლისას და როგორც იქნა დაანონსებული, ეს ასეც განხორციელდება, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ვფიქრობთ, სტაჟირების პროგრამის დაწყებას. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება და უახლოეს მომავალში, 1-2 კვირის ვადაში დავიწყებთ სტუდენტებთან აქტიურ შეხვედრებს ამ კრიტერიუმების განხილვის მიზნით“, - განაცხადა ამილახვარმა.