საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემის გამართულობისთვის უახლოეს დღეებში სტუდენტებთან კონსულტაციები დაიწყება.
როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ მიზანს წარმოადგენს ის, რომ შემოდგომიდან რამდენიმე ათასმა სტუდენტმა საპილოტე რეჟიმში რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურებადი სტაჟირება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე გაიარონ.
„მინდა , მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის, რომელიც უკავშირდება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირებას. მინდა მოგახსენოთ, რომ უახლოეს დღეებში სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან ფართო კონსულტაციებს დავიწყებთ, იმისათვის, რომ ამ კონცეფციას საბოლოო სახე მივცეთ, რათა სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ შემოდგომიდან ავამოქმედოთ ეს სისტემა. რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება, საჯარო სტრუქტურებში და ასევე კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე.
ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. რა თქმა უნდა პირველი წელი პილოტირების წელი იქნება. შევხედავთ, როგორ დაინერგება ეს სისტემა და შემდეგ უკვე მის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. თუმცა, იმისათვის, რომ პირველივე წელს ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია სტუდენტების, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, იმისათვის, რომ ამ სისტემას საბოლოო სახე მივცეთ“, - აცხადებს კობახიძე.