მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგაჟირებული პირების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ კამპანიის მიუხედავად, ტურიზმი იზრდება - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ანგაჟირებული პირების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის იზრდება - ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით არის მომატებული, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ტურიზმის სტატისტიკაში პირველ ათეულში EU-ს არცერთი წევრი ქვეყანა არაა.

"მეორე კვარტალში ტურიზმის სექტორის წარმატება დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენს კერძო სექტორს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისა და საქართველოში მეტი ტურისტის ჩამოყვანისთვის. გვახსოვს პესიმისტური პროგნოზები მაისის თვეში და ანგაჟირებული პირების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ კამპანია ქვეყანაში ტურიზმის “გაჩერების” შესახებ. ამის ფონზე კი, ვხედავთ, რომ ტურიზმის და ავიაციის სექტორში ძალიან კარგი შედეგებია და სექტორი აგრძელებს მდგრადად ზრდა - განვითარებას", - დაწერა სოციალურ ქსელში მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, ტურიზმთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კომენტარს ავრცელებს სამინისტროც. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს მდგრად განვითარებას და განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა ასახულია მეორე კვარტალის მონაცემებში - 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც საერთაშორისო მოგზაურების (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%).

„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების კუთხით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია გერმანია, საიდანაც დაახლოებით 30 პროცენტზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობენ ყურის ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას - აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანით, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები