თბილისში “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას, X-ის საშუალებით, მსოფლიოს უმსხვილესი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-ი ეხმიანება და სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბურ კიბერშეტევას აანონსებს.
“თითოეულ პრორუსულ ინიციატივას, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიას, ძალადობს, მიზანში იღებს და თავს ესხმის მთავრობის კრიტიკოსებს, აუცილებლად მოჰყვება შედეგი.
თბილისში პუტინის მარიონეტებმა სიტუაციის გამწვავება პუტინისტური ქცევით გადაწყვიტეს: ისინი ფიზიკურად უსწორდებიან მედიასაშუალებათა წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას და მომიტინგეებს, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.
მომდევნო რამდენიმე საათში, #ანონიმუსი საერთო, მასშტაბურ კიბერშეტევას იწყებს სამთავრობო ვებსაიტებზე”, - წერს Anonymous-ი.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცნობი პირები სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს.