მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა“ - ღარიბაშვილი

64269e4cea2b2
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.23 13:01
441
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო ევროკავშირის 12-რეკომენდაციაში გაწერილი მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიურო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ანგარიშგებებს ყოველწლიურად წარადგენს.

„ჩვენ შარშან გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ მყისიერად დაიწყო. პარლამენტმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება პირნათლად იყოს შესრულებული.

ამ 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო.

მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.

ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანების კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა. ბიუროს გააჩნია ანტიკორუფიცული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობისა და სათანადო რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება. ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიღწევებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში.

„რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, - სულ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ:
კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის კვლევით, საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს. კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო - Trace „Bribery Risk Matrix 2022“-ის თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ხოლო გლობალურ რეიტინგში 194 ქვეყნიდან 33-ე ადგილზეა. აქვე შეგახსენებთ, რომ გლობალური სამართლიანობის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ისევე როგორც ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე 120 ქვეყანას შორის. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის კიდევ 5 ადგილით დაწინაურდა და ევროპაში 21-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე ვართ.

ამ მონაცემებს თუ 2012 წლამდე პერიოდს შევადარებთ, პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, - იმ დროისათვის საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო, ბუნებრივია, ძალიან შორს ევროპის საუკეთესო ოცეულისგან.

დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებია ჩვენზე წინ, ჯერჯერობით. ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, თანამიმდევრულია. კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველომ შეფასების ქულა გაიუმჯობესა და ჩვენ ეს მიღწევები გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც კორუფცია ძლიერი, განვითარებული ქვეყნებისთვისაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული, თანამიმდევრული მუშაობა, ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც კორუფცია ვერ იქნება ხელშემშლელი ფაქტორი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ამიერიდან, ამ მიმართულებით მუშაობის პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ანტიკორუფციულ ბიუროს დაეკისრა. მჯერა, რომ ბიუროს ახალი უფროსი და მისი ყველა თანამშრომელი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები