მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

რაჟდენ კუპრაშვილი

საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია, ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ დღეს ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.

“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ - დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი შეეხო, დონორული დაფინანსებებია, რაც IRI-ისა და NDI-ის საქმიანობას უკავშირდება.

"მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში - უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია,"- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

თავად ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები ძირითადად ბიუროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა სემინარებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას შეეხება, თუმცა თითქმის არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ანტიკორუფციული ქმედებები განახორციელა უწყებამ, რასაც სახელმწიფო სექტორში კორუფციის ან სავარაუდო კონკრეტული ფაქტების გამოვლენა მოჰყვა. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას ძირითადად სუს-ი ახორციელებს, რადგანაც თავად ანტიკორუფციულ ბიუროს საქმეების გამოძიების უფლება არ აქვს.

აღნიშნული გარემოება ასახულია ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშიც, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური მოწყობა არ აძლევს მას საკმარის დამოუკიდებლობას, რათა ის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ძლიერ ორგანოდ იქცეს, აღნიშნული კი განპირობებულია იმით რომ ბიუროს თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რაც ბიუროზე მთავრობის მხრიდან პოლიტიკური გავლენის არსებობაზე მეტყველებს, ამასთან უწყებას არ გააჩნია საგამოძიებო უფლებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები