ანტიკორუფციული ბიურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბოლო 2 თვეა დეკლარაციები ისევ არ ქვეყნდება დეზინფორმაციას უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივ მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს - TI
ანტიკორუფციული ბიუროს განმარტებით, GRECO-ს ანგარიში 2024 წლის 26 აპრილს გავრცელდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად და საჯაროდ ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე: coe.int.
გარდა ამისა, ბიურო განმარტავს, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე — declaration.acb.gov.ge, ხოლო მათი გასაჯაროების კონკრეტული ვადები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კანონის 2024 წლის 9 სექტემბერს მიღებული ცვლილებების თანახმად, დეკლარაციის შემოწმება ხდება 2-თვიანი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რა დროსაც დოკუმენტის გასაჯაროება ან მისი შინაარსის საჯარო ინფორმაციად გაცემა დაუშვებელია. დეკლარაციის სრულად გასაჯაროება წარმოების დასრულების შემდეგ ხდება. თუმცა, ბიურო არ ხსნის, რატომ ხდება ისე, რომ ორი თვის განმავლობაში, არც ერთი დეკლარაცია არ გადამოწმდა და გამოქვეყნდა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (შემდგომში - TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო დეზინფორმაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შესაბამისი პროცედურების დაცვით და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.coe.int/en/web/greco/evaluations/georgia.
რაც შეეხება TI-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე არის სიცრუე და დეზინფორმაცია, კერძოდ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე https://declaration.acb.gov.ge .
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც გულისხმობს 2-თვიან ადმინისტრაციულ წარმოებას კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში კი, დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. აღნიშნული 2 თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ხდება დეკლარაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14, პუნქტი 12:
„თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1 თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.
მოვუწოდებთ, ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას", - წერს ბიურო.



























