მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება

ანტიკორუფციული

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელი იქნება. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

პროექტით კონკრეტდება, რომ გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებასა ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

პროექტით უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს ერთთვიან ვადას მისი აღმოფხვრისთვის. აღნიშნული ერთთვიანი პერიოდის ან ერთთვიანი ვადის მიმდინარეობისას, ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება. პროექტში ნათქვამია, რომ ამ პროცედურის განხორციელება არ გაათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

ამასთანავე, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება. ამასთან, ცვლილებებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის სხვა ნორმებთან შესაბამისობის მიზნით ზუსტდება იმავე კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ნორმა პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ შესაბამის შეტყობინებებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ანტიკორუფციული ბიურო პირს ჩააბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების/ამ აქტის აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.

ასევე, პროექტოთ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭება უფლებამოსილება, მამხილებელს მიანიჭოს მამხილებლის სტატუსი, გაუწიოს მას სამართლებრივი ან ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს.

ანტიკორუფციული ბიუროს ასევე მიენიჭება უფლებამოსილება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მამხილებლისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართოს აღნიშნულ სამსახურს. ცვლილებებით უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

ამ ეტაპზე კანონპროექტი პარლამენტის საიტზე განთავსებული არ არის. შესაბამისად, კანონის პროექტს, განმარტებით ბარათს და დეტალურ ცვლილებებს bm.ge საჯარო წყაროებში ატვირთვისთავანე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები