ჯანდაცვის მინისტრი ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებას რეგულაციების გამკაცრებიდან 2 კვირის შემდეგ ელის. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს დაფიქსირებული ანტირეკორდის მიზეზი წინა პერიოდში ვირუსის ცირკულაციას უკავშირდება.
„ანტირეკორდი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან 80%(გაუმჯობესების) შედეგის დადგომა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქნება 2 კვირის შემდეგ. იცით, რომ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა ხდება ინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ, მაშინ რეგულაციები შემოღებული არ იყო, აქედან გამომდინარე შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან საქართველოს 4 ქალაქში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, საქალაქთაშორისო მიმოსვლა დაშვებულია. აკრძალულია გასართობი ღონისძიებების ჩატარება, საკვებ დაწესებულებებს კი მუშაობა მხოლოდ 23:00 საათამდე შეუძლიათ.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ანტირეკორდია - ერთ დღეში ინფიცირების ამდენი შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა.
მათგან თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.14%.




























