ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართული გასტრო-ბარი „ჟამი“ ერთი წელია სტუმრებს მასპინძლობს. "ანტვერპენში ქართული გემოს და კულტურის დამკვიდრება გვინდა" - ასეთია ქართული კვების ობიექტის დამფუძნებლების მიზანი და სურვილი.
სამი ქართველი ქალის - თამარ ერისთავის, ეკატერინე ლაცაბიძისა და ოლიკო ძავაშვილის ინიციატივით შექმნილი სივრცე ევროპელ სტუმრებს ქართულ სამზარეულოს, 8000-წლიანი ისტორიის ღვინოსა და თანამედროვე ხელოვნებას აცნობს.
გასტრო-ბარი განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელსაც ადგილობრივად „პატარა საათი“ ეწოდებოდა. როგორც თანადამფუძნებელი, თამარ ერისთავი BM.GE-სთან განმარტავს, სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა სახელწოდების შერჩევაც : „გვინდოდა ქართული, მაგრამ უცხოელი სტუმრებისთვის მარტივად გასაგები სახელი გვქონოდა. შენობის ისტორიულ სახელწოდებას დავუკავშირეთ ქართულ სიტყვას “ჟამი”, რაც დროს ნიშნავს - ასე დაიბადა ჩვენი ბარის სახელი“, - ამბობს ერისთავი.

მისი თქმით, „ჟამი“ მომხმარებლებს დაახლოებით 60-მდე დასახელების ქართულ ღვინოს და მასთან ერთად, გათანამედროვებულ ქართულ კერძებს სთავაზობს.
„ობიექტი მცირე ზომისაა და სრული დატვირთვით ერთდროულად 25 სტუმრის მიღება შეგვიძლია. გაზაფხულში კი, სივრცეს ტერასაც დაემატება, რის შემდეგაც 35-მდე სტუმრის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. ამჟამად, სამნი ვართ დასაქმებული, თუმცა ნოემბრიდან გუნდის გაფართოებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს ის.
როგორც ერისთავი ამბობს, ბარი საშუალო და საშუალოზე მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, სტუმრების დიდი ნაწილი ბელგიელები და ბელგიაში მყოფი ტურისტები არიან. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება პარასკევსა და შაბათ-კვირას, როცა ანტვერპენის ისტორიულ ცენტრში ევროპელი სტუმრები ქართულ ღვინოსა და კერძებს აგემოვნებენ.
„ქართული ღვინო და სამზარეულო ჯერ კიდევ ახალია ბელგიურ ბაზარზე, ამიტომ ჩვენი მიზანი, ცნობადობის გაზრდაა. გვინდა, რომ აქ დამკვიდრდეს ქართული გემო და კულტურა“, - აცხადებს თამარ ერისთავი.





























