მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აპარტამენტს $30-დაც იქირავებთ, რაც პრობლემაა“ - როგორ დასრულდა ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში?

ბათუმი

ტურიზმისა და უძრავი ქონების ექსპერტის თემურ დიასამიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში ჩამოსული ტურისტების რიცხვი წინა წლის მაჩვენებლებს აღემატებოდა. მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისე ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

დიასამიძე ფიქრობს, რომ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვისთვის შესაბამისი სერვისები უნდა განვითარდეს, რაც ამ ეტაპისთვის რეგიონის ერთ-ერთი გამოწვევაა. პრობლემებს შორის სახელდება აპარტამენტების გაზრდილი რაოდენობაც, რომელიც ფასებს ამცირებს.

„ივლისში და აგვისტოში ზრდა იყო, ბათუმი 2 თვის ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა. დატვირთვა იყო საუდის არაბეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, წელს ასევე სტუმრები ჩინეთიდან და ინდოეთიდან შეინიშნებოდნენ. რაოდენობრივი ზრდა განაპირობა ბათუმის აეროპორტში რეისების მატებამაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მხარჯველუნარიანი ვიზიტორები ნაკლები იყო. შემოსავლები წინა წელთან შედარებით ჩვენი ინფორმაციით შემცირებულია, ფასების და შემოსავლების პრობლემაა.

თუ დატვირთულობაზე ვისაუბრებთ, ბრენდები დატვირთული იყო, მაგრამ აპარტამენტები და ბინები ბაზარზე ბევრია, კიდევ ბევრი შენდება და ფაქტობრივად ფასების დემპინგი ხდება. დღეს აპარტამენტს 30 დოლარადაც იქირავებთ, რაც ვფიქრობ, მიდგომა თუ არ შეიცვალა, სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის.

კიდევ ერთი საკითხია, ვინც ჩამოდის დღეს ის განსხვავებულია და მხოლოდ სასტუმროში ან რესტორანში თანხას არ დახარჯავს, სერვისები უნდა მივაწოდოთ და ამ მხრივ 10 წელია ბათუმში არაფერი იცვლება.

სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ბიზნესისთვის ეს საინტერესო გახდეს - პასუხისმგებლობით, MICE ტურიზმის განვითარებით. ესაა ერთ-ერთი რაზედაც აქცენტი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები