„აპექს დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორის გიორგი ბაქრაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები მომავალში არ გაჩნდება, რადგან არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე დედაქალაქში ბინების დეფიციტია.
როგორც ბაქრაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, მოთხოვნის ზრდას ერთი მხრივ ახალგაზრდა წყვილების ცალკე საცხოვრებლად გადასვლა, მეორე მხრივ კი მისი, როგორც უსაფრთხო ინვესტირებად განხილვა განაპირობებს. არსებული ზრდადი მოთხოვნიდან გამომდინარე დეველოპერულ კომპანიაში ფასების შემცირებას არ პროგნოზირებენ.
„ბოლო თვეების განმავლობაში შეიძლება მცირედი კლება იყო ზოგად ტრანზაქციებში, თუმცა აგვისტოში როცა საცობებიც კი არ არის ქალაქში, ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო. ამის გამო ფასების დაბლა წამოსვლას არ ველოდებით. შეიძლება ის სეგმენტი, რომელიც ემიგრირებულ ხალხზე აქირავებდა ბინას ბაზარს ჩამოშორდა, რადგან ამ ნაწილმა დატოვა ქვეყანა, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ არის ძალიან დიდი წილი, რომელმაც ფასთა ზრდა განაპირობა.
თუ ჩვენი გაყიდვებს სტატისტიკას შევხედავთ მშენებლობის საძირკვლის დონეზე რა პროცენტულობა გვაქვს გაყიდული, ვნახავთ, რომ არანაირი კლებას ადგილი არ აქვს. არ ვთვლი, რომ რაიმე ჭარბი მიწოდების რისკი გაჩნდება ბაზარზე იმ მოთხოვნის ფონზე რაც გვაქვს. შეიძლება ჩანს, რომ სოკოებივით ამოდიან კორპუსები, თუმცა რეალურად თბილისში ბინების დეფიციტური მდგომარეობაა.
მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნად იცვლება. ერთი რომ დიდი ოჯახები აღარ არიან, სადაც 7-8 ადამიანი ცხოვრობს თუნდაც 100კვ.მ-ში და მეორე, ბევრი ადამიანი განიხილავს უძრავ ქონებაში ინვესტირებას. ეს არის ყველაზე უსაფრთხო და მარტივი გზა. დარწმუნებული ვარ ბანკების აქციებს თქვენც არ იყიდით 50 ათასი დოლარი რომ გქონდეთ და შეიძენთ ბინას. სწორედ ეს განაპირობებს მოთხოვნის ზრდას.“ - განაცხადა ბაქრაძემ.