მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა ყირგიზეთი, EU-ს რუსული სანქციების გამო უჩივლოს?

ყირგიზეთი ევროკავშირი

2 მარტს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთი სასამართლოში ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი ქვეყანას რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის გამო სანქციებს დაუწესებს.

გამოცემა ყირგიზეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილე დანიარ ამანგელდიევს ციტირებდა. თუმცა, The Insider-თან საუბრისას, ამანგელდიევმა უარყო, რომ ყირგიზეთი სამართლებრივი დავისთვის ემზადება. მისი თქმით, ეს განცხადება გაუგებრობას ეფუძნება და ოფიციალური ბიშკეკი მზადაა, იმოქმედოს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს აკრძალულ საქონელს აწვდიან.

რას წერდა FT?

FT-ის მიერ მოპოვებული ევროკავშირის დოკუმენტების თანახმად, ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, აიკრძალოს ყირგიზეთისთვის გარკვეული საქონლის მიყიდვა, რომელსაც სამხედრო პოტენციალი გააჩნია, რადგან ბრიუსელში ეჭვობენ, რომ ყირგიზული კომპანიები ამ პროდუქციას რუსეთში გზავნიან. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ყირგიზეთი ახდენს ისეთი ორმაგი დანიშნულების ნივთების რეექსპორტს, როგორიცაა მანქანა-დანადგარები და ელექტრონიკა, რომლებიც იარაღისა და დრონების წარმოებაში გამოიყენება. მიღების შემთხვევაში, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა.

გამოცემას მოჰყავს ამანგელდიევის ციტატა: "ეს გადაწყვეტილება [მეორადი სანქციების დაწესება] ჩვენს იმიჯზე იმოქმედებს. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვიქნებით, ის სასამართლოში გავასაჩივროთ... ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აკრძალული საქონლით ვაჭრობას".

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თებერვალში ბიშკეკმა ევროკავშირს წარუდგინა დოკუმენტების პაკეტი, სადაც აღწერილია მათი ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის პრევენციის კუთხით. ამანგელდიევმა დასძინა, რომ ბრიუსელს არ დაუზუსტებია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ყირგიზეთმა შესაბამისობის დასადასტურებლად და ჯარიმების თავიდან ასაცილებლად.

რას ამბობს ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი?

The Insider-თან საუბარში დანიარ ამანგელდიევმა დაადასტურა, რომ ის ესაუბრა Financial Times-ს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის ვიზიტამდე, რომელთანაც ყირგიზეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, ამანგელდიევის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ ყირგიზეთი პოტენციური მეორადი სანქციების გამო ევროკავშირისთვის ჩივილს აპირებდა.

"საუბარი ეხებოდა ყირგიზულ-რუსული განვითარების ფონდის სახსრებს (სადაც სახელმწიფოს წილი აქვს), რომელიც ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-შია გაყინული. ლაპარაკია დაახლოებით 140 მილიონ ევროზე. შესაძლოა, ჩვენ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა - არა იურიდიული, არამედ უფრო ფართო გაგებით. და ჩვენ ამას განვიხილავთ არა ევროკავშირთან, არამედ კონკრეტულად ბელგიასთან და Euroclear-თან. ჩვენ არ გვაქვს გეგმაში ევროკავშირისთვის ჩივილი და ეს არასდროს გვითქვამს.
ჩვენ დიალოგს ვაწარმოებთ ო'სალივანის უწყებასთან და ცალკეულ ქვეყნებთან.

თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ჩვენ სანქციებს გვერდს ვუვლით, მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის. მზად ვართ შევიმუშაოთ ღონისძიებათა გეგმა სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ბალანსები და სავაჭრო ოპერაციები. დიახ, შესაძლოა იყოს გადაცდომები კერძო კომპანიების მხრიდან [რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხდა], მაგრამ ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, დავუწესოთ საკუთარი სანქციები ასეთ კომპანიებს, მათი რეგისტრაციის გაუქმების ჩათვლით.

სწორედ ამიტომ იყო საჭირო ო'სალივანის მისია - რათა ადგილზე გვეჩვენებინა, რომ სიტუაცია არც ისე ცუდად არის, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს; რომ ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი, კონტროლი და გავლენის მოხდენა. მისი ვიზიტის შემდეგ შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას სანქციების რისკების შესამცირებლად. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ მაისისთვის შევძლებთ სანქციების სიიდან ჩვენი ორი ბანკის ამოღებას, რომლებიც იქ უსაფუძვლოდ მოხვდნენ. ყოველ შემთხვევაში, ო'სალივანის უწყება მოამზადებს მემორანდუმს სანქციების მოხსნის შესაძლებლობაზე, თუკი ჩვენ რიგ მოთხოვნებს შევასრულებთ", - განაცხადა დანიარ ამანგელდიევმა.

ამანგელდიევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთს არ აქვს იმის ფუფუნება, კონფლიქტში შევიდეს ან ევროკავშირთან, ან რუსეთთან.

"რუსეთი ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და ჩვენ მასზე დიდად ვართ დამოკიდებული. ამას ყოველთვის ვუხსნი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ჩვენ არ შეგვიძლია მათი მოთხოვნების 100%-ით შესრულება. მაგრამ როცა საქმე ეხება საქონელს, რომელიც იარაღის შექმნაში გამოიყენება, ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ და ასეთ პროდუქციას არ გავატარებთ. მაგრამ რაც შეეხება ტრადიციულ ვაჭრობას [რუსეთთან], აქ შეზღუდვები ვერ იქნება, რადგან ეს ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველია.

და ჩვენ არც იმის უფლება გვაქვს, რომ ევროპული სანქციების ქვეშ აღმოვჩნდეთ, რადგან ევროკავშირთან და ზოგადად მსოფლიოსთან მსხვილი საინვესტიციო პროექტები გვაკავშირებს", - თქვა მან.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი

26 თებერვალს, ყირგიზეთში ვიზიტის შემდეგ, ო'სალივანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა: "ერთი საკითხი, რომელიც გვაშფოთებს, არის თქვენი ფინანსური სისტემა - ბანკები, კრიპტოვალუტა და გარკვეული საქონლის იმპორტი. ზოგიერთი კომპანია უკვე მოხვდა ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტში და ჩვენ ამას განვიხილავთ ხელისუფლებასთან. ჩვენ უკვე შევხვდით ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს".

პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ ევროპიდან ყირგიზეთში მიწოდებული დაახლოებით 80 დასახელების ორმაგი დანიშნულების ნივთი მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა. ორმოცდაათი მათგანი აღმოჩენილია რუსულ იარაღში, ხოლო კიდევ ოცდაათი მათ წარმოებაში გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები