კომპანია Apple-მა 15 სექტემბერს სპეციალური ღონისძიება ჩანიშნა და სავარაუდოდ Apple Watch-ისა და iPad-ის განახლებულ ვერსიების წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღნიშნული ღონისძიება Apple-ის არსებობის ისტორიაში პირველად დისტანციურად გაიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო.
რაც შეეხება iPhone-ის ახალ ვერსიას, კომპანია საზოგადოებას ოქტომბერში გააცნობს, როგორც წესი კომპანია სმარტფონის ახალი მოდელის პრეზენტაციას სექტემბერში მართავს ხოლმე, მაგრამ ეს გადადება COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება.
Investing.com-ის ანალიტიკოსი ჰარის ანვარი აცხადებს, რომ თუ Apple-ი ვერ შეძლებს iPhone 12-ის დროულ წარდგენას ოქტომბერში, ეს კომპანიის გაყიდვებს სერიოზულად დააზარალებს.
„ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბევრი ადამიანი თადარიგს იჭერს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისათვის და ძველი ტელეფონის ახლით შეცვლას გეგმავს“, – განაცხადა ანვარიმ.




























