მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაშვებიდან ოთხი დღის შემდეგ, მომხმარებლებმა Apple-ის სადეპოზიტო ანგარიშებზე თითქმის $1 მილიარდი შეიტანეს

64511eb226ea7
გიორგი არონია
02.05.23 23:45
1358

სადეპოზიტო ანგარიშის გაშვების დღეს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის მომხმარებლებმა Apple-ის სადეპოზიტო ანგარიშებზე $400 მილიონი, გაშვებიდან ოთხი დღის შემდეგ კი $990 მილიონი შეიტანეს, - ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პირველი კვირის ბოლომდე Apple-ის სადეპოზიტო ანგარიში დაახლოებით 240 ათას ადამიანს ჰქონდა გახსნილი.

ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ამ მოცულობის თანხის მოზიდვას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში iPhone-ების დიდი რაოდენობა და წლიური სარგებელი, რომელსაც Apple-ი მომხმარებლებს სთავაზობს. თუ საშუალოსტატისტიკური ამერიკული ბანკი მომხმარებელს 0.5%-ზე ნაკლებ წლიურ სარგებელს სთავაზობს, Apple-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4.15%-ს უდრის. კი, ციფრული ამერიკული ბანკების შემთხვევაში წლიური სარგებელი გაცილებით მაღალია, მაგრამ Apple-ის მიერ შემოთავაზებულს მაინც ჩამორჩება. ასეთი ტიპის სადეპოზიტო ანგარიშს მომხმარებლებს თავად Goldman Sachs-იც სთავაზობს, რომელიც Apple-ის მთავარი ფინანსური პარტნიორია, მაგრამ სარგებელი ამ შემთხვევაშიც უფრო დაბალია და 3.9%-ს შეადგენს. თუმცა სარგებლის გარდა, Apple-ის ფინანსური პროდუქტი მომხმარებლებს მისი სიმარტივითაც ხიბლავს, რადგან ანგარიშის გახსნას რამდენიმე წუთი სჭირდება, თან მომხმარებლებს არც საკომისიოების გადახდა უწევთ და არც მინიმალური ბალანსის მოთხოვნები აქვთ დასაკმაყოფილებელი.

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Apple-ის ფინანსური სერვისების სიმარტივეზე, რაც, რეალურად, სერვისის წარმატების ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს. სადეპოზიტო ანგარიშის გახსნისთვის, მხოლოდ ორ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეთ - ამერიკაში იყოთ ბაზირებული და Apple-ის საკრედიტო ბარათი, Apple ჩარდ-ი გქონდეთ. თავად ეს ბარათი ჩვეულებრივ საკრედიტო ბარათს ჰგავს, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან 27%-მდე მერყეობს. ეს ბარათი, ისევე, როგორც სადეპოზიტო ანგარიში Apple-ის ციფრული საფულიდან, იგივე Apple Wallet-იდან იმართება და ყველა ბონუსი, რომელსაც Apple-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მომხმარებლებს სთავაზობენ, სწორედ ამ აპლიკაციას არის მიბმული. თავად Apple Wallet-ი კი, როგორც იცით, ინტეგრირებულია არამხოლოდ Apple-ის სხვა პროდუქტებთან, არამედ ზოგად საგადახდო სისტემასთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში.

ერთადერთი შეზღუდვა, რომელაც Apple-ი საკუთარ მომხმარებლებს უწესებს - დეპოზიტის მაქსიმალური ლიმიტია, რომელიც $250 ათასით განისაზღვრება. ეს თანხა შემთხვევით შერჩეული არ არის, რადგან ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია დეპოზიტარს იმ შემთხვევაში უნაზღაურებს, თუ ბანკი გაკოტრდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის მიერ სადეპოზიტო ბაზარზე შესვლა უცნაური არ არის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, გლობალურ არენაზე ერთგვარი ტრენდი გამოიკვეთა, რომლის თანახმად ტექნოლოგიური კომპანიები ფინტექებად, ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები კი ტექნოლოგიურ კომპანიებად ყალიბდებიან. ამ ლოგიკით, Apple-ის ბანკად გადაკეთება სავსებით ლოგიკურია. თუმცა ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ კონტექსტზეც, რადგან საკუთარი სადეპოზიტო ანგარიში Apple-მა ამერიკაში მიმდინარე საბანკო კრიზისის დროს წარადგინა, როცა ბანკებს დეპოზიტების მოზიდვა და შენარჩუნება უჭირთ. გასული ოთხი კვარტლის განმავლობაში, JPMorgan-დან, Wells Fargo-დან და Bank of America-დან მომხმარებლებმა $521 მილიარდის დეპოზიტები გაიტანეს, რაც გასული ათწლეულის უდიდესი მაჩვენებელია. მსგავსი მდგომარეობაა საბანკო სექტორის ძირითად საფონდო ინდექსის, KWB-ის შემთხვევაშიც, რომელიც გასული ორი თვის განმავლობაში 25%-ით შემცირდა.

საბანკო კრიზისის ფონზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახლახან გაკოტრებული First Republic Bank-ი, რომლის აქტივები, რომლებიც $92 მილიარდის დეპოზიტებს მოიცავს, ამერიკის უმსხვილესმა ბანკმა, JPMorgan-მა შეისყიდა. First Republic Bank-ის გაკოტრებაც, დიდწილად, სწორედ დეპოზიტების გადინებას უკავშირდება, რადგან მანამ, სანამ კომპანიის აქციის ღირებულება 97%-ით შემცირდებოდა, ბანკმა $100 მილიარდის მოცულობის დეპოზიტების გადინების შესახებ განაცხადა. თუმცა, პარალელურად ამისა, განსხვავებული მდგომარეობაა Goldman Sachs-ში, რომელიც iPhone-ების მომხმარებელთა 2-მილიარდიანი ბაზის წყალობით დეპოზიტების მოზიდვას აგძელებს, თანაც, როგორც აღმოჩნდა, სწრაფი ტემპებით.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები